თავში

ხანგოშვილის მკვლელობის საკითხზე გერმანიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

​ხანგოშვილის მკვლელობის საკითხზე გერმანიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩ
ხანგოშვილის მკვლელობის საკითხზე გერმანიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანული მხარის პოზიციის გახმოვანების შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რაც შეეხება რუსეთის ორგანოების გავლენის ეჭვებს, რომელიც გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, ჩვენ ტირგანტენში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ჯერ კიდევ დასაწყისში მოვახდინეთ რეაგირება და რუსეთის ორგანოების არასაკმარისი თანამშრომლობის გამო რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გავაძევეთ", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა.

მისი თქმით, გერმანიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთის დიპლომატიური მისიის სინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღოს. 

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ-ს ბრალი წაუყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მთავრობამ შეუკვეთა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვადიმ კ. 2019 წლის 17 აგვისტოს, მკვლელობის შეკვეთის შესასრულებლად მოსკოვიდან პარიზში გაემგზავრა, 20 აგვიტოს კი ვარშავაში ჩავიდა. 22 აგვიტოს ბრალდებული პოლონეთიდან ბერლინში „დაუდგენელი მარშრუტით“ ჩავიდა. ამასთან, გერმანიის ფედერალური პროკურატურა წერს, რომ ვადიმ კ-მ შენგენის ვიზა მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოში 2019 წლის 30 ივლისს აიღო. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამაჟამად გერმანიის ციხეში იმყოფება.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი გეზა ანრეას ფონ გაირი დაიბარეს.

რუსეთის გადაწყვეტილება ორი გერმანელი დიპლომატის გაძევების შესახებ გაუმართლებელია, - ასე ეხმაურებიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ, საპასუხო ზომების პრინციპის შესაბამისად, გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system