თავში

Spiegel: გერმანია რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

​Spiegel: გერმანია რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს
Spiegel: გერმანია რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

გერმანიის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, თუკი ბერლინის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს განაჩენს გამოუტანენ. ამის შესახებ გამოცემა Spiegel მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში გერმანია ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად იმოქმედებს.

ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს განაჩენს 2021 წლის მარტში გამოუტანენ.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში, თავის არეში გასროლით მოკლეს. ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს და პანკისში დაკრძალეს. მოკლულის ახლობლები მომხდარს თავიდანვე რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირს გამორიცხავდნენ. ის, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა კრიმინალური შემთხვევა, არამედ დაგეგმილი ოპერაცია იყო, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დოიჩე ველე" წერდა.

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია. მკვლელის ვინაობა გამოცემა Bellingcat-მა Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა. კრასიკოვი გერმანიაშია დაკავებული.

3 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით მოხდა და მათ ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვთ.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი ნეჩაევი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გერმანიის ნაბიჯებს ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მკვლელობასთან რუსეთის კავშირი უარყო და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბრალდებები უარყო რუსეთის ელჩმა გერმანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system