თავში

People off/ სად გაქრა ხალხი?!

People off/ სად გაქრა ხალხი?!
People off/ სად გაქრა ხალხი?!

შემიძლია დავწერო, რომ ბეკეტის გმირებივით ერთ ადგილას გაჩერებული ვლადიმერი და ესტრაგონივით ვართ, რომლებიც თავიანთ მხსნელს ელოდებიან, მაგრამ ძალიან პესიმისტურია,  ამიტომ, არ გვინდა.

პოსტაპოკალიპტური ფილმების ყურება არასდროს მიყვარდა, მითუმეტეს, არასდროს წარმომედგინა, ოდესმე კაცობრიობას ვირუსი სახელად Covid-19 გაანადგურებდა (აქ რამე დრამატული მუსიკა უნდა გაჟღერებულიყო).

დღეს 24 მარტია კორონავირუსს ოფიციალური იუბილე აქვს და რამდენიმე დღეში 4 თვის გახდება, მისი არსებობა ჯერ კიდევ მაშინ გავიგე, როცა ახლშობილი იყო და სახელიც კი არ ჰქონდა. არ შეგეშენდეთ, ვუჰანში არ ვყოფილვარ (ვუჰანი ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციაა, სადაც კორონავირუსი გაჩნდა) უბრალოდ, იმ საინფორმაციო სააგენტოს Digital Producer-ი ვარ, რომელიც ახლა გაქვთ გახსნილი, მოკლედ, ცნობები მოდიოდა შორეული ჩინეთიდან „მომაკვდინებელი“ ვირსუსის შესახებ, სტივენ კინგიც კი იოცნებებდა იმ შინაარისის სცენარებზე, რომლის დაწერაც გვიწევდა ყოველდღიურად, ამის მიუხედავად, ჩინეთი მაინც შორს გვეჩვენებოდა ყველას და იმ პოსტერებსაც და სიუჟეტებსაც ისე ვაკეთებდით, თითქოს ეს საქართველომდე არ მოვიდოდა.  მოკლედ,  ცხოვრება მიდიოდა ჩვეულ რიტმში, ამ ამბების მერე 2 თვეც არ იყო გასული და, საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  სრული პანიკა იყოთქო რომ გითხრათ,  რად გინდათ? თქვენც პანიკაში იყავით და მეც , ასე გადავიტანეთ პირველი დაინფიცირებული პაციენტი , 10- მდე რომ ავიდა, მერე ასე ძალიან აღარ ვნერვიულობდით, უბრალოდ, ქუჩებში ხალხმა იკლო და ახალ რეჟიმზე გადავედით , -Killages- ის სიმღრის ტექსტი კი ახლა უფრო დრამატულად ჩამესმის “In the midnight street lights are on, People off”

სამსახურიდან რომ გამოგვიშვეს და დისტანციურ მუშაობაზე გადავედით, რომელიღაც ფილმის პერსონაჟი მეგონა თავი (აქ შეიძლება რამდენიმე ფილმის ჩამოთვლაც, თუმცა თავს შევიკავებ, რადგან შეიძლება უყუროთ და უფრო ანერვიულდეთ) ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება მხოლოდ ის იყო, სახლამდე ისე ჩავსულიყავი, არავინ მენახა.

სახლში მოვიმარაგე ყველა სახის ხსნარი და წამალი , მოკლედ, ისე ვარ მზად, რომ მთელ ჩემს სადარბაზოს რამდენიმე წელი ეყოფა წამლის მარაგი , ამით ხაზი იმასაც ესმევა, რომ ჩემზე მშიშარა ერთი ვიცი, ჯადოქარი რინსვინდი და ისიც წიგნის გმირია.

ახლა კი, როგორც გითხარით, 24 მარტია , ხშირად უნდა ვიმეოროთ თარიღები და დღეეები , მე ასე ვაკეთებ, რომ არ დამავიწყდეს, შაბათია თუ ორშაბათი.  მოკლედ, სახლში გაგვიშვესთქო ხომ გითხარით?!

პირველი სამუშაო დღე სახლიდან ჩვეულებრივი იყო,  თითქოს გვიხაროდა კიდეც, სახლში რომ ჩავბუდდით მაგრამ , ახლა ის დღეები დადგა, ყველა რეპორტერი სამსახურში დაბრუნებას რომ ველოდებით და ერთმანეთს ტვინის წამღებ მესიჯებს დღეში რამდენჯერმე ვუგზავნით შინაარსით, „ აუ, მალე დამთავრდება?!“

დილა იმით იწყება,  რომ ისტერიულად ვამოწმებ, დაემატა თუ არა საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, რადგან ღამეც ზუსტად ასე მთავრდება, მარინა ეზუგბაია ყოველ საღამოს გვეუნება,  „ველოდებით 16 პაციენტის პასუხს, რომელიც ხვალ დილისთვის იქნება“.  ჰოდა, მეც ვზივარ გადაჯვარედინებული ხელებით და ველოდები დილის ჩართვას კომენტარით „ ყველა უარყოფითია“ - ასე შეგვაყვარა მარინამ სიტყვა - უარყოფითი ! :) 

მოკლედ ,როგორც გითხარით, დილა ყავით კი არა, მონაცემებით იწყება , მერე დილის მოკითხვა ჩათში,-  „აბა როგორ ვართ?! „ ,  „ ხო ყველა ვართ, ხო არავინ დაინფიცირებულა?!“  მერე ყველა ერთად ვიდუღებთ ჩვენ-ჩვენ სახლებში ყავას და ერთდროულად ვსვამთ  ძველებურად გამოსაფხიზლებლად...  თვალები ახლა უფრო მტკივა , რადგან ყველა ციფრული მოწყობილობა ერთად ანათებს ჩემს 35 კვადრატულ სახლში. პატარა სახლს რაც შეეხება, ძალიან კომფორტულია თვითიზოლაციისთვის, რადგან არც ბევრი დალაგება სჭირდება და თან ყველაფერი ახლოს გაქვს, სამუშაო მაგიდაც და ლოგინიც.

ჰოდა, როგორც გითხარით, ყველაფერი იმით დაიწყო რომ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ვირუსი გავრცელდა , არავის გვეგონა რომ ეს ჩვენს ყოველდღიურობას შეცვლიდა, მაგრამ შეცვალა , შეცვალა საფუძვლიანად და ამით კიდევ ერთხელ გავიგეთ, თუ როგორ დაპატარავდა მსოფლიო, მაგრამ ჩვენ მაინც იმედიანად უნდა ვიყოთ, ველოდოთ, როდის გამოჩნდება ჩვენი დროის გმირი ,შექმნის ვაქცინას და გადაგვარჩენს.  მის შესახებ, ფილმს თუ არა, პირდად მე, ერთ კარგ სიუჟეტს გავაკეთებ!  მგონი, მშვენიერი მიზეზი დაემატა "მას" ვაქცინის შესაქმნელად :) 

ჰო, რაც უნდა გაგვიჭირდეს სახლში ყოფნა, წარმოვიდგინოთ რომ „მარველის“ სუპერგმირები ვართ საერთო მტრის წინააღმდეგ,  რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ , იარაღი სახლში ჩუსტებით ჯდომაა, ერთ-ერთი გამომწერის სტატუსს მოვიპარავ და „ ჩუსტზე კაცი“ !!!

მე მუშაობას ვაგრძელებ, ამიტომ, დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ დრო,  გირჩევთ ის ნაყოფიერად გამოიყენოთ და გთავაზობთ - Prometheus Making off-ს  

ასევე, საიტი აღმოვაჩინე ჩემნაირი მშიშრებისთვის  Corona Don’t Panic აქ მომხმარებელს შეუძლია გამოთვალოს, რამდენად დიდია კორონავირუსით მისი სიკვდილის ალბათობა , ჩემი შედეგი 0,1 იყო და ვზივარ გაბადრული :) 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system