თავში

როგორ შეცვლის გენური ინჟინერია სამყაროს

როგორ შეცვლის გენური ინჟინერია სამყაროს
როგორ შეცვლის გენური ინჟინერია სამყაროს

მივუთითოთ ადამიანს ფიზიკურ ნაკლოვანებაზე - რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელია, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ შეგვეძლება არა ნაკლოვანებებზე საუბარი, არამედ, მათი გამოსწორება. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას? რა გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როდესაც დავდგებით არჩევანის წინაშე: იყო თითქმის უნაკლო, თუ დარჩე ის, რაც ხარ? გაგხდით ეს რეალურად უკეთსს, თუ წარმოუდგენელი მასშტაბის სნობად ჩამოგაყალიბებთ? როგორი იქნება სამყარო მომავალში, როგორი ადამიანები იცხოვრებენ დედამიწაზე 100 წლის შემდეგ?  ჩემი ბლოგის ფარგლებში ვსაუბრობ მომავლის ტექნოლოგიებზე და მათ შესაძლო გავლენებზე. დღეს კი გენურ ინჟინერიას შევეხები.

 60-იან წლებში, მსოფლიოს ალბათ ყველაზე გამოჩენილი აგრონომი ნორმან ბორლაუგი ე.წ. „მწვანე რევოლუციას“ ჩაუდგა სათავეში და ამის გამო არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ნობელის პრემიაც. მან გამოიყვანა დაავადებების მიმართ რეზისტენტული საკვები მცენარეების ჯიშები, რომლებიც ბევრად მეტ მოსავალს იძლეოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ჯიშები და ბევრად უკეთ რეაგირებდა სასუქებზე. ახალმა ჯიშებმა განვითარებად ქვეყნებში შესაძლებელი გახადა სურსათის დეფიციტის დაძლევა და საკვების წარმოების საგრძნობლად გაზრდა. მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ღატაკი ქვეყნების სურსათით მომარაგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და მილიონობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილისგან. ბორლაუგის ჩარევა გენებში ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როგორ შეიძლება სამყაროს გარდაქმნა ერთ პაწაწინა პერიოდში, ერთი ჩვეულებრივი ტექნოლოგიით. 

ახლა 2020 წელია და სამყარო უფრო დიდი ცვლილებების მოლოდინშია. წინა ბლოგებში შეგიძლიათ რამდენიმე მათგანს გაეცნოთ. ახლა კი კიდევ ერთ რევოლუციაზე უნდა გიამბოთ რომელიც უკვე დაწყებულია და მართალია რთული სათქმელია როდის მიაღწევს ის კულმინაციას, მაგრამ ფაქტია, რომ არც ისე შორეულ მომავალში. ბორლაუგის მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ რამხელა მნიშვნელობის და მასშტაბის შეიძლება იყოს გენებით თამაში და წარმოიდგინეთ რამდენად სერიოზული საკითხია, მცენარეებზე და ცხოველებზე კი არა, ადამიანებზე რომ მიდგება საქმე.

თეორიულად ისევე როგორც მცენარეების "გაუმჯობესება" შეიძლება გენური ინჟინერით, ასევე შეიძლება ადამიანებისაც. და თუ გგონიათ, რომ ეს ფანტაზიის ნაყოფი ან მხოლოდ შორეული მომავლის პრივილეგიაა, მაშინ ძალიან ცდებით. გენური ინჟინერიის ტექნოლოგიები სათავეს ჯერ კიდევ 1900-იან წლებში იღებს და 2009 წელს ახალ CRISPR/Cas9-ის ტექნოლოგიამდე მიდის.

რა არის CRISPR? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც გენში იპოვნით თქვენთვის სასურველ ადგილს, გაჭრით მას და ამის შემდეგ საშუალება გაქვთ ჩაანაცვლოთ ის ახლით. CRISPR ბევრად უფრო ზუსტი, იაფი და მარტივი საშუალებაა გენური ინჟინერიით დაკავდეთ და დღეს მეცნიერები მსოფლიოს უამრავ ადგილას სწორედ მისი გამოყენებით ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტებს, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ მომავალს გვიმზადებს.

პირველ რიგში გენური ინჟინერიის მესვეურები თავად გენების სტრუქტურას შეისწავლიან და იკვლევენ ადგილებს, რომლებიც ადამიანების კონკრეტულ მახასიათებლებზე ახდენენ გავლენას. ისინი სწავლობენ გენეტიკურ დაავადებებს და სამომავლოდ მათგან კაცობრიობის გათავისუფლებას აპირებენ. ისინი აგროვებენ ცოდნას გენების შესახებ და თუ კი ვინმეს ეეჭვება, რომ ამ ცოდნას არასდროს გამოიყენებენ, კიდევ ერთხელ, ცდებით.

2018 წელს ლულუ და ნანა გაჩდნენ. გარდა იმისა, რომ მათი გენების "შემუშავებაში" ისევე როგორც ყველა დანარჩენ ადამიანში დედამ და მამამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, ტყუპი გოგონების გენეტიკაში ჩინელი მეცნიერი ჰე ცზიანკუია ჩაერია.  მან CRISPR-ის გამოყენებით ტყუპი გოგონების ემბრიონების გენები იმგვარად შეცვალა, რომ ისინი შიდსის ინფექციით არასდროს დაავადდნენ. მიუხედავად ჰის კეთილი ზრახვებისა, ამ ფაქტთან დაკავშირებით მეცნიერთა ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა. ისინი შიშობენ, რომ გენური ინჟინერიის ამგვარმა გამოყენებამ, შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს, რომელიც შემდეგ თაობებშიც კი გამოვლინდება.

მოგვიანებით გაირკვა რომ ჰის ჩარევამ გენებში ცუდი შედეგი მართლაც შეიძლება გამოიღოს იმ კუთხით, რომ გოგონების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს. მეცნიერს არალეგალური სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის სამ წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 430 ათასი დოლარითაც დააჯარიმეს. ჩინელ მეამბოხე მეცნიერს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა არა CRISPR-ის პრაქტიკას ზოგადად, არამედ მის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ტექნოლოგია ადამიანებზე გამოეყენებინა. 

ჯერ-ჯერობით რთულია იწინასწარმეტყველო, ზუსტად რა გავლენა შეიძლება იქონიოს კონკრეტული გენის შეცვლამ და რა შედეგებამდე მიგვიყვანს მისი ადამიანებზე პრაქტიკა. გასათვალისწინებელია, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე კი არ გვაქვს საუბარი, არამედ მთელ მის შთამომაბლობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი მეცნიერია დაკავებული გენური ინჟინერიის შესწავლით, ალბათ დიდი დრო არ გავა და ჩვენ გაცილებით მეტი გვეცოდინება მის შესახებ და რა მოხდება მაშინ როდესაც CRISPR-ის ტექნოლოგიას დავახვეწთ და დარწმუნებულები ვიქნებით, რომ მისი გამოყენებით ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვეძლება? 

პირველ რიგში, მისი დახმარებით, კონკრეტული ადამიანის გენეტიკური რუკის შედგენას შევძლებთ და კონკრეტულ ადამიანზე მორგებულ გაცილებით ეფექტურ მკურნალობის მეთოდებს შევიმუშავებთ. ზუსტად გვეცოდინება, რა წამალი იმოქმედებს უკეთესად ინდივიდუალურ ადამიანზე და რა არა. გვეცოდინება რა მიმართულებითაა ადამიანი ნიჭიერი და რა მიმართულებით ღირს მისი გონებრივი შესაძლებლობების განვითარება, გვეცოდინება რისკების შესახებაც. მაგალითად რა დაავადების საფრთხე არსებობს მომავალში და წინასწარ თადარიგის აღებას შევძლებთ შემდგომში მის სამკურნალოდ.

ამის შემდეგ, ალბათ გენეტიკური დაავადებებისგან გათავისუფლების საშუალებაც მოგვეცემა თუმცა ამ დროს უკვე 100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ და დიდი ალბათობით ეს ასეც იქნება. 

ეთიკური ნორმები მკვეთრად ამუხრუჭებს ამ უკვე დაწყებულ რევოლუციას, მაგრამ საკითხავია რამდენ ხანს? არ გავა დიდი დრო და ადამიანების გერგნული მახასიეთებლების შეცვლასაც შევძლებთ. უფრო ზუსტად უკვე შესაძლებელია, ამ შემთხვევაში პრაქტიკაში გამოყენებას ვგულისხმობ. CRISPR-ის დახმარებით უკვე ვიცით როგორ განვსაზღვროთ თვალის ფერი, სქესი, სიმაღლე და ა.შ. და ყველაფერ ამის გამოყენებას მხოლოდ ერთი რამ, ეთიკური ნორმები უშლის ხელს, რაც ოდესღაც გადაულახავი პრობლემა აღარ იქნება, სწორედ ისეთი ადამიანების გამო, როგორიც ზემოთ აღნიშნული ჩინელი მეცნიერი იყო.

წარმოიდგინეთ, სამყარო, სადაც წინასწარ შეგვეძლება, გამოვიყენებ ცოტა უხეშ სიტყვას, დავაპროექტოთ ბავშვი, როგორც უფრო ჭკვიანი, ლამაზი, ათლეტური, სხვადასხვა დაავადებების მიმართ რეზისტენტული, კონრკერული მიმართულებებით უფრო განვითარებული და ა.შ. 

კალათბურთის მოედანზე მაიკლ ჯორდანები და ლებრონ ჯეიმსები იფრენენ. ფეხბურთის სტადიონზე კი მესის და რონალდუს დონის სპორტსმენები იბურთავებენ. პოლიტიკაში გენმოდიფიცირებული გამჭრიახი ადამიანები წავლენ და მოკლედ ამ თემაზე ბევრი მსჯელობა შეიძლება, უბრალოდ ცხადია რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ჯერ ჯერობით კი მთავარი, ისევ და ისევ ამ :რევოლუციის" ეთიკური მხარეა.

ახლა კიდევ უფრო შორს წავალ და გეტყვით, რომ მეცნიერები აქტიურად იკვლევენ დაბერების პროცესს და მეტიც, უკვე ბევრი რამ ვიცით ამის შესახებ. დიდი შანსია, შესაძლებელი გახდეს დაბერების პროცესის შენელება და ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზრდება. 

ახლა წარმოიდგინეთ, თქვენი შვილი, ჩვეულებრივი, გენებში ყველანაირი ჩარევის გარეშე დაბადებული და წარმოიდგინეთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ ოჯახში "გენმოდიფიცირებული" ბავშვი. გინდა თუ არ გინდა, ერთმანეთის შედარებას დაიწყებთ და აღმოაჩენთ რომ თქვენი უსაყვარლესი შვილი შეიძლება იმ სამყაროში სადაც "გენმოდიფიცირებული" ბავშვები იზრდებიან, მომავალში დაიჩაგროს. როგორი იქნება თქვენი მორიგი გადაწყვეტილება? რას იზამთ მაშინ, როდესაც საშუალება მოგეცემათ თქვენი შვილის მომავალი განსაზღვროთ? შეგეძლებათ გაათავისუფლოთ ის დაავადებებისგან, შეანელოთ მისი დაბერების პროცესი, მისცეთ უფრო მეტი ინტელექტი, ათლეტური აღნაგობა და სილამაზე? დიახ, სამომავლოდ ბევრი მორალური დილემის განხილვა მოგვიწევს და შეიძლება ჩვენ არა, მაგრამ ჩვენს შვილებს მაინც. 

გენურ ინჟინერიას და CRISPR-ის ტექნოლოგიას ყველაფრის შეცვლა შეუძლია და ეს ფაქტია. მეორე საკითხია, გვექნება კი ოდესმე იმის გამბედაობა, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოვიყენოთ? უამრავი და უამრავი წინააღმდეგობა უკვე თვალსაჩინოა და მათი გადალახვა არც ისე მარტივი? ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ტემპი უნდა შევანელოთ, ზოგიც კი პირიქით ითოხვს მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეს პროცესი? და თქვენ? თქვენ რას ფიქრობთ?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system