თავში

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი - ბლოგი

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი
როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი - ბლოგი

ვაგრძელებ ჩემს ბლოგში მომავლის სამყაროზე საუბარს და დღეს ტრანსპორტირებას შევეხებით, საუბარს კი დავიწყებ სურათით სადაც აშშ-ის ქალაქი ნიუ-იორკია გადაღებული 1900 წელს.

სურათზე ვხედავთ ცხენებს და მათ ეტლებს, ასევე რთულად მაგრამ მაინც შეიმჩნევა ერთი ავტომობილიც. 

ეს კი 1913 წელს გადაღებული ნიუ იორკის სურათია. სადაც მხოლოდ ერთ ცხენოსანს მოკრავთ თვალს, დანარჩენი ქუჩა კი ავტომობილებითაა სავსე. 

დიახ, სულ რაღაც 13 წელიწადში ინფრასტუქტურა თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ( სამწუხაროდ, უფუნქციოდ დარჩენილი ცხენები, რომლებსაც პირველ სურათზე ხედავთ, შემდეგში საკვებად გამოიყენეს და მათი ხორცი კატების და ძაღლების  საკვებში აღმოჩნდა.) 

 დღევანდელ სამყაროში უკვე აღარავის უკვირს ავტომობილები, თვითმფრინავები, მეტრო, მატარებელი და რაკეტებიც კი. მაშ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? 

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ავტომობილები


მომავლის ტრანსპორტზე საუბრისას შეუძლებელია ილონ მასკის სახელი კიდევ ერთხელ, არ ვახსენოთ. 10 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მისი ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია TESLA, მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ავტოგიგანტი გახდებოდა ასეთ მოკლე პერიოდში, მაგრამ ეს უკვე ფაქტია. სხვა დიდი კომპანიები კი მის გზას მიყვებიან და უკვე ყველა ცდილობს გადავიდეს ელექტრონულ ძრავის მქონე ავტომობილებზე. ძალიან მალე ბენზინზე მომუშავე მანქანები უბრალოდ იშვიათობა იქნება. ამის მტკიცებულება კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგვიძლია დავინახოთ. დააკვირდით შუქნიშანზე გაჩერების დროს რამდენ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილს დაითვლით. ახლო მომავალში, ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება და მათი "გამრავლების" პროცესი გასაკვირი სულაც არ იქნება.

ჩვენ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგავართ და კარგი იქნება თუ ელექტროძავზე მომუშავე მანქანები ნაკლებად დაანაგვიანებენ გარემოს. მართალია, მათი წარმოება სრულად მწვანე პროცესი არაა, მაგრამ ტრანსპორტიტებისას გამოყოფილი დაბინძურების შემცირებაც შეღავათია უკვე საკმაოდ დაბინძურებული ატმოსფეროსთვის. მოკლედ პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ ავტომობილები შედარებით ნაკლებად დააბინძურებენ გარემოს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმების წყალობით, მგზავრობა ბევრად უფრო უსაფრთხოც გახდება. არ გეგონოთ, რომ ეს შორეული მომავლის პერსპექტივაა, თვითმართვადი TESLA-ს და არამარტო ამ ფირმის მანქანები უკვე არახალია. 

ახალი ავტომობილების უმრავლესობა აღჭურვილია მთელი რიგი სენსორებით, კამერებითა და რადარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა კომფორტის შექმნას მომხმარებლისთვის, მაგალითად როგორიცაა ავტომატური მუხრუჭი სახიფათო სიტუაციებში, ზოლში მოძრაობის რეგულირება და სხვა. ავტომწარმოებელთა ძალიან მცირე ნაწილი იყენებს ძლიერ ლაზერულ სენსორს, სახელად ლიდარს, რომელიც მანქანას თვითმართვადს ხდის, თუმცა ბაზარზე ასეთი აღჭურვილობის მქონე მანქანების ფასი 75,000 დოლარიდან იწყებოდა. სულ ახლახანს შვედურმა კომპანია ვოლვომ განაცხადა, რომ მათ შემნეს ლიდარის დასამზადებლად ტექნოლოგია, რომელიც სენსორის შესაქმნელად არც ისე დიდ რესურსს მოითხოვს და შესაბამისად ისინი გეგმავენ რომ მათი მანქანები თვითმართვადი გახადონ.

ახლო მომავალში ამ სისტემის გარეშე ძალიან ცოტა მანქანა დარჩება და შესაბამისათ, ერთი დიდი სატრანსპორტო ქსელი შეიქმნება. მარტივად რომ ვთქვათ, ავტომობილები გარკვეულ კავშირს დაამყარებენ ერთმანეთთან და ავარიებს თავიდან აირიდებენ. აქ გასათვალისწინებელია სისტემის უსაფრთხოების საკითხი, რადგან მისი "გატეხვის" შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებიც მივიღოთ. 

მიწისქვეშა გვირაბები


დიდ ქალაქებში მანქანების სიმრავლე უკვე აღარავის უკვირს და საცობების გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელი გახდა, თუმცა ილონ მასკი ამ პრობლემის მოგვარებასაც შეეჭიდა და დაარსა კომპანია რომელიც ბევრის აზრით ილონის ერთ ერთი ყველაზე მოსაწყენი პროექტია. ამ კომპანიას BORING ქვია. ის მიზნად ისახავს ქალაქის მიწისქვეშეთში გაიყვანოს გვირაბები, რომლებიც ქალაქის მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მასში ავტომობილით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ძალიან სწრაფად, ყოველგვარი საცობის გარეშე და რაც მთავარია გვირაბი ავტომობილის გადაყვანას საკუთარ თავზე აიღებს. ასეთი გვირაბი უკვე არაერხელ გაიტესტა და მისი ეფექტურობა დაამტკიცა კიდეც. . ალბათ ამ ქსელების რაოდენობა მომავალში მკვეთრად გაიზრდება და იმედი მაქვს ჩვენს დედაქალაქშიც მოვესწრებით მას. მთავარი გამოწვევა აქ გვირაბების იაფი და მარტივად გაყვანაა, რაშიც კომპანიამ დიდ პროგრესს უკვე მიაღწია.

Hyperloop


ილონის კიდევ ერთი, უკვე დაწყებული და რამდენიმე ადგილას განხორციელებული პროექტია Hyperloop. იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა  თუმცა მისი განხორციელება არც ისეთი მარტივია როგორც თავად იდეა. ის კი იმაში მდგომარეობს, რომ მილში მოქცეული კაფსულა მაღალი სიჩქარით გადაიყვანს მგზავრს ერთი ადგილიდან მეორეზე. მეტრო (გნებავთ ქვეგრიალა), ოღონდ მიწისქვეშეთის ნაცვლად, მიწის ზევით და გვირაბის ნაცვლად მილი იქნება. ილონ მასკმა, პირველად ამ პროექტის შესახებ 2012 წელს ისაუბრა და მას შემდეგ ბევრი ჯგუფი დაინტერესდა ამ პროექტით და იდეის რეალურად განხორციელებისთვის ნამდვილი რბოლა დაიწყო. შედეგები კი უკვე ძალიან საინტერესოა. დღეს, არაერთი კომპანიაა, რომელსაც მსგავსი სატრანსპორტო ქსელის შექმნაზე პრეტენზია აქვს. მართალია მაქსიმალური სისწრაფე ჯერ პოტენციურთან ახლოს არაა, მაგრამ შედეგები მაინც საკმაოდ შთამბეჭდავია. Hyperloop-ის დახმარებით დღეს 463 კმ/სთ-ში სიჩქარით შეიძლება გადაადგილება. ამ მონაცემით ნახევარ საათზე ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ თბილისიდან ბათუმში ჩასვლისთვის. Hyperloop-ის სისტემების დანერგვას ქალაქები მალე დაიწყებენ და ერთი ქალაქიდან მეორეში მოხვედრა ძალიან სწრაფი გახდება. რას შეცვლის ეს შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ? 

რაკეტები დედამიწაზე მგზავრობისთვის და ტაქსის მძღოლი კორბენ დალასი


რატომ არ შეიძლება თვითმფრინავის ნაცვლად რაკეტები გამოვიყენოთ? ამ კითხვაზე პასუხი ცოტა ხნის წინ ასეთი იქნებოდა. -იმიტომ, რომ რაკეტების მრავალჯერადი გამოყენება შეუძლებელია და ეს ყველაფერი უზარმაზარ სახსრებთან იქნებოდა დაკავშირებული. 

 ისევ და ისევ ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია Space-X-მა მოახერხა და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები შექმნა. შესაბამისად ჩნდება იდეა, რატომ არ მოვიხმაროთ ის სამგზავროდ? თავად ილონი თვლის, რომ ეს ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელიწადში გახდება შესაძლებელი. 

დრონებზე და მფრინავ ავტომობილებზე არაფერი მითქვამს, ეს უკვე მომავალი სულაც აღარაა. არ გაგიკვირდეთ, ახლო მომავალში მფრინავი მანქანების გაყიდვა, რომ დაიწყოს (თუმცა არც ისე ახლო მომავალში, თუ რეგულაციების გავლის პროცესებს გავითვალისწინებთ). არც ის გაგიკვირდეთ, ტაქსს რომ გამოიძახებთ პირდაპირ ფანჯარასთან მოფრინდეს დრონი და ქალაქის მეორე ბოლოში გადაგიყვანოთ. სინამდვილეში ეს უკვე შესაძლებელია და ასეთი პროექტების განხორციელება უკვე რახანია დაწყებულია. Uber და Lyft, უკვე პროტოტიპებს ცდიან და მალე დაიწყებენ ამ მიმართულებების განვითარებას. სასურველ ამანათს, რომ დრონი მოგართმევთ, ესეც აღარ უნდა იყოს გასაკვირი. 

მოკლედ, მალე დედამიწა არც ისე დიდი მოგვეჩვენება როგორც ახლა და ახალი ინფრასტრუქტურა წარმოუდგენელ აჩქარებას გვპირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system