თავში

ადგილობრივმა გენერაციამ ელეტროენერგიის მოთხოვნის 78.7%-ი დააკმაყოფილა

ადგილობრივმა გენერაციამ ელეტროენერგიის მოთხოვნის 78.7%-ი დააკმაყოფილა
ადგილობრივმა გენერაციამ ელეტროენერგიის მოთხოვნის 78.7%-ი დააკმაყოფილა

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 78.7% დაკმაყოფილდა ადგილობრივი გენერაციით, ხოლო დანარჩენი იმპორტირებული იყო რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია წლიურად 1.9%-ით შემცირდა და იანვარ-მარტის მთლიანი მოთხოვნის 46.4% დააკმაყოფილა. 

"ეს შემცირება განპირობებულია არახელსაყრელი ჰიდროლოგიური პირობებით, რაც უმეტესად გამოიხატა იანვრისა და თებერვლის შემცირებულ ჰიდროგენერაციაში, შესაბამისად 21.7% და 12.9%-ით. წვიმიანი სეზონის და თოვლის დნობის დაწყების შემდეგ, მარტში ჰიდროგენერაცია გაიზარდა 30% -ით, რამაც პირველი კვარტლის კლების ტემპი შედარებით შეამცირა," - აღნიშნულია მიმოხილვაში.

კვლევის მიხედვით, ენგურ-ვარდნილის სრული გენერაცია (-10.9% წ/წ) მოხმარდა აფხაზეთის რეგიონის გაზრდილ მოხმარებას (+8.0% წ/წ). ამ რეგიონისთვის ასევე საჭირო გახდა ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება რუსეთიდან, სალხინოს გადამცემი ხაზის მეშვეობით. 

2020 წლის პირველ კვარტალში თბოსადგურების გენერაცია წლიურად 11.7%ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის საკმაოდ მაღალი 42.1%იანი ზრდის შემდეგ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებამ (+9.2% წ/წ) ჯამური მიწოდების 0.7% შეადგინა. 

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, 2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 39.6%ით გაიზარდა და ჯამური მოთხოვნის 21.3% დააკმაყოფილა. 

Galt & Taggart-ის ცნობით, ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან (ჯამური 54.1%) და რუსეთიდან (ჯამური 45.9%) განხორციელდა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა 2020 წლის თებერვალში (+119% წ/წ), ხოლო იანვარსა და მარტში იმპორტი შესაბამისად 17.9% და 4.3%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონის ელექტრომომარაგებისთვის სალხინოს ხაზით იმპორტირებული ელექტროენერგია ჯამური იმპორტის დაახლოებით მესამედს, ხოლო რუსეთიდან იმპორტის დაახლოებით 70%-ს შეადგენდა.

Galt & Taggart-ის ცნობით, იმპორტის ღირებულებამ 29.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 25.7%იანი ზრდაა. იმპორტის ღირებულების (+25.7% წ/წ) და მოცულობის (+39.6% წ/წ) ზრდის ტემპებს შორის განსხვავება აიხსნება იმპორტში აფხაზეთისთვის სალხინოს ხაზით იმპორტირებული შედარებით იაფიანი ელექტროენერგიის არსებობით. იგივე მიზეზით აიხსნება იმპორტის საშუალო ფასის 10%-იანი კლება კვტ.სთ-ზე 3.9 აშშ ცენტამდე.

იანვარ-მარტის განმავლობაში ელექტროენერგიის ექსპორტი ტრადიციულად უმნიშვნელო იყო.  2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 51.1 გვტ.სთ შეადგინა. ტრანზიტის მოცულობა 3.4-ჯერაა გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მხოლოდ 10%-ით ჩამორჩება 2016 წლის მაღალ დონეს. 

შეგახსენებთ, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა და სპეციალისტების პროგნოზით, მოხმარების კლების ტენდენცია სექტემბრამდე გაგრძელდება.

კვლევა აჩვენებს, რომ თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 11%-ით ნაკლებია საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.

ცნობისთვის,

ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები მომავალი წლიდან იცვლება. კერძოდ, ელექტროენერგიის ვაჭრობა დღით ადრე, დღიური და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე უნდა დაიწყოს 2021 წლის ივლისში. ენერგო პლატფორმების პირველადი გაშვება მოხდება 2020 წლის ივლისში და ერთწლიანი ტესტირების შემდეგ დაიწყება სრულმასშტაბიანი ოპერაციები. საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი ოპერირებას დაიწყებს 2021 წლის ივლისიდან.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system