თავში

აზერბაიჯანი ყარაბაღის აღდგენისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს

აზერბაიჯანი ყარაბაღის აღდგენისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს
აზერბაიჯანი ყარაბაღის აღდგენისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს

"აზერბაიჯანი, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში, მუდმივად აუმჯობესებს ტრანსსასაზღვრო და სატრანზიტო პროცედურებსა და ლოგისტიკას, ციფრულია ლოგისტიკური სისტემა და სავაჭრო პროცესები," -  ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა ცენტრალური აზიის  (ADB) რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის,  „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“,  შეხვედრის დროს. ჯაბაროვის განმარტებით, რეგიონს და განსაკუთრებით აზერბაიჯანს ახალი ერა დაუდგა მას შემდეგ, რაც სომხეთის მიერ თითქმის 30 წლიანი ოკუპაციისგან განთავისუფლებული ტერიტორიები, ყარაბაღი, დაიბრუნა. მინისტრის განმარტებით, დაბრუნებული ტერიოტირიის აღდგენა-განვითარების აუცილებლობა აზერბაიჯანის ეკონომიკაში ახალ პრიორიტეტებს აჩენს.

"დაბრუნებულ მიწებზე ინფრასტრუქტურის შექმნა, ბიზნესის განვითარების წახალისება, ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნები, განსაკუთრებით ზანგეზურის დერეფანი, - ეს იქნება მრავალი წების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტები. ეს ღონისძიებები უდავოდ ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას ”, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ დაბრუნებული რეგიონის, ყარაბაღის, რეკონსტრუქცია განხორციელდება, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების საშუალებით, ასევე კერძო სახსრებითაც. ჯაბაროვის თქმით, აზერბაიჯანი ინვესტორებისთვის მიმზიდველ პირობებს ქმნის, პარალელურად, 2021 წელს აზერბაიჯანის მთავრობა აპირებს დახარჯოს დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარი რეგიონის აღდგენისთვის. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის გარდა, რეგიონში განვითარდება ტურიზმი და სამთო მრეწველობა. ჯაბაროვის ინფორმაციით, ომის შემდეგ, კალბაჯარის რეგიონში სოიუდლიუს (ზოდ) ოქროს საბადოს 2/3 აზერბაიჯანს გადაეცა. 10 წლის განმავლობაში ბაქო დაახლოებით 60 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს ყარაბაღის აღდგენისთვის. 

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყარაბაღის ეკონომიკას გამოაცოცხლებს ასევე  ნახიჩევანის სატრანსპორტო დერეფნის რეკონსტრუქცია და  ნახიჩევანის გავლით რკინიგზის აღდგენა აზერბაიჯანიდან თურქეთისა და სომხეთისკენ. ჯაბაროვის შეფასებით, ნახიჩევანთან კომუნიკაციის აღდგენა სასარგებლოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სომხეთისთვისაც.

ჯაბაროვის მტკიცებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნა გავლენას მოახდენს თურქულენოვანი ქვეყნების ეკონომიკაზე, რომელთა ნომინალური მშპ 1.1 ტრილიონ დოლარზე მეტია. 

"დერეფანი ასევე გააძლიერებს კავშირებს აზერბაიჯანის ექსლავასთან - ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თურქეთთან და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის გეოეკონომიკურ მნიშვნელობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მრავალი წლის განმავლობაში თურქული სამყარო კვლავ გაერთიანდება ზანგეზურის დერეფნის გავლით," - ამბობს მინისტრი. 

ცნობისთვის, ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ. ყარაბაღში საქმის წამოწყების სურვილს გამოთქვამენ ძირითადად თურქეთის, რუსეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ყაზახეთის, ინვესტორი კომპანიები. ყარაბაღის აღდგენაში ჩაერთვებიან უკრაინული კომპანიებიც. 

ყარაბაღში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მზადაა. აზერბაიჯანი წელს ამ რეგიონში სამი აეროპორტის ასაშენებლად 1.3 მლრდ დოლარს დახარჯავს. აეროპორტები ფიზულში, ლაჩინსა და ზანგილანში აშენდება.

თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაზე საქართველოც მოიხმო. მისი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, შეუძლია, შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system