თავში

ელექტროენერგიის გაძვირებას მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს - ლილუაშვილი

ელექტროენერგიის გაძვირებას მომხმარებლების 95%-ზე მეტი
ელექტროენერგიის გაძვირებას მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს - ლილუაშვილი

პარლამენტის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს.

“ ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ სემეკმა გადახედა ტარიფებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტარიფების გადახედვა არ მომხდარა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ როდესაც ვართ პანდემიაში და ვცდილობთ, რომ კერძო სექტორს შევუმსუბუქოთ ეს წნეხი, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ მათ ინტერესებზეც. მეორე მხრივ, ამის საპირწონედ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელმა, ისე საკანონმდებლომ, გუშინვე მიიღო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი სუბსიდირება ასახულიყო. ფაქტობრივად, მომდევნო წლის განმავლობაში, მომხმარებლების 95%-ზე მეტი ვერ იგრძნობს ტარიფის გაზრდას, ვგულისხმობ ფიზიკურ პირებს და ოჯახებს. ამავდროულად, მიმდინარეობს სუბსიდირების ერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ პანდემიას უკავშირდება, ვინც 200 კვტ.სთ-სე ნაკლებს მოიხმარს ზამთრის თვეებში, ყველა ოჯახი სუბსიდირებულია”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

სპეციალისტების შეფასებით, გაძვირების მიუხედავად, ელექტროენერგია საქართველოში ბევრად იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეკონომისტ იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს განსხვავება დენის ტარიფით დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ასე მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს უსწრებს 2.9-ჯერ, დენის ტარიფით კი - 4.3-ჯერ, დანია (ევროკავშირში დენის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანა), შესაბამისად - 3.8-ჯერ და 5.8-ჯერ; ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი, შესაბამისად, 1.9-ჯერ და 2.1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30 პროცენტით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22 პროცენტით უფრო მაღალია. არჩავძე ამბობს, რომ დენის მომატებული ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და, ამჟამინდელი 23 პროცენტის ნაცვლად, დაახლოებით 25-26 პროცენტი იქნება.

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში.

ექსპერტების დათვლით 2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 165 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system