თავში

ეროვნულმა ბანკმა დღეს 20 მლნ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს 20 მლნ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა დღეს 20 მლნ დოლარი გაყიდა

2020 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა.

დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 480 მილიონს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, ამჟამად, 1 ამერიკული დოლარი 3.1988 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.7560 ლარად არის შესაძლებელი.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 1 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის (16: 50 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2050 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system