თავში

"ფრონტერას“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

"ფრონტერას“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ
ფრონტერას“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს თავი შეიკავონ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისა და სამართლებრივი დავის პოლიტიკურ სივრცეში გადაყვანისგან. 

კორპორაცია და სააგენტო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ფრონტერას“ საარბიტრაჟო გადაწვყვეტილებისთვის კონფიდენციუალურის სტატუსის მოხსნას და მის გასაჯაროებას სთხოვენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპამდე „ფრონტერა“ უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე, ხოლო ქართული მხარე ამ ეტაპზე თავს იკავებს ცალმხრივი მოქმედებისგან, შემოვიფარგლებით გადაწყვეტილების მხოლოდ ძირითადი პოსტულატების შესახებ მოკლე ინფორმაციით, რათა დავიცვათ სახელმწიფოს საინვესტიციო იმიჯი და დავაკმაყოფილოთ დაინტერესებულ პირთა ინტერესი: საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და დააკმაყოფილა კორპორაციისა და სააგენტოს მიერ წარდგენილ მოთხოვნათა აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი (პწგხ), რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ფრონტერა” ვალდებულია, აუნაზღაუროს კორპორაციას მის ნაცვლად გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და, ამასთანავე, საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯთა უდიდესი ნაწილი, ჯამში 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასა და სააგენტოში მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ „ფრონტერამ“ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაცვლად შეცდომაში შემყვანი და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია წამოიწყო, რაც აზიანებს როგორ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწაფებას.

ცნობისთვის, eurasianet-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა წერს, რომ „ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს, საქართველოს ოპოზიციის გარდა, სერიოზულობით არავინ აღიქვამს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ "ფრონტერას" მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" განცხადებითვე , „ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.

მანამდე კი, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.

შეგახსენებთ, კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს.

სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის 17 აპრილს მიიღო და დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია . ამასთანავე, სასამართლომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ და ფრონტერა აშშ-ს ოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system