თავში

გააძვირებს თუ არა მგზავრობას საწვავის გაძვირება

გააძვირებს თუ არა მგზავრობას საწვავის გაძვირება
გააძვირებს თუ არა მგზავრობას საწვავის გაძვირება

"საწვავზე ხარჯი გაგვეზარდა, თუმცა საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა და არც ვგეგმავთ“, - ამის შესახებ report.ge-ს დიდუბის ავტოსადგურში განუცხადეს. როგორც სადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე ამბობს, ეს განაპირობა სამგზავრო გადაზიდვებში არსებულმა დიდმა კონკურენციამ.

"პანდემიური შეზღუდვების გამო მომრავლდა უკანონოდ გადამყვანები და მათ გადაიბირეს ძალიან დიდი რაოდენობით მგზავრები. მგზავრები დღეს უკანონოდ გადაჰყავთ კერძო ავტომობილებით ფიზიკურ პირებს. ისინი არიან სედანის ტიპის მანქანების, მინივენებისა და სხვა ტრანსპორტის მძღოლები, ე.წ. ხიშნიკები, რომლებიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებიან და გარდა იმისა, რომ უსაფრთხოება მგზავრთა გადაყვანის რისკის ქვეშაა, ისინი არ იხდიან გადახადებს და ამ შეღავათის გამო დემპინგური ფასით იზიდავენ უფრო მეტ მგზავრს, ვიდრე კანონიერი ავტოსადგურები. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი განახევრებულია. მგზავრობის საფასური რომ გავზარდოთ, მგზავრთნაკადი მთლიანად გაგვიქრება. ამდენად, მომსახურების გაძვირება არ იგეგმება", - გვეუბნება ნესტორ მიქატაძე და დასძენს, რომ ავტოსადგურებმა არაერთხელ მოითხოვეს შესაბამის ორგანოებისგან, გააკონტროლონ მგზავრთგადაყვანა, თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი ძველებურად უკონტროლოა. 

შეგახსენებთ, საქალაქთაშორისო მგზავრობა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში 5 ლარით გაძვირდა.  შარშან ზაფხულზე კი, პირველი ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ, ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 3 ლარით გაძვირდა.

სატრანსპორტო სფეროს ექსპერტების მტკიცებით, წლებია საქართველოს ავტოსადგურებზე მძიმე მდგომარეობა არ იცვლება. სპეციალისტების მტკიცებით, მოუწესრიგებელია ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა, შეუმოწმებელია სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობა. მათივე განმარტებით, რეგიონებში, თბილისთან შედარებით, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ექსპერტის მტკიცებით, ავტოსადგურების სავალალო მდგომარეობა საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს, რამდენადაც ტურისტები ხშირად აწყდებიან პრობლემებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანების სფეროში რეგულაციების მიღება და ავტოსადგურების ინფასტრუქტურის მოწესრიგება უსწრაფესად უნდა მოხდეს.

ცნობისთვის, საწვავის ქართულ ბაზარზე ბოლო 6 თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება 30%-ით გაიზარდა. საწვავის ფასის მატების მიზეზად ნავთობის საერთაშორისო ფასის ზრდა და  ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება სახელდება. ამჟამად სამომხმარებლო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გარკვეული კატეგორიის ფასი 3 ლარს გადასცდა.  ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებას დიდი ხანია პროგნოზირებდნენ. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 70-80 თეთრით გაძვირდა.

სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტი შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია. ბიუჯეტს აქციზის დაწევით შემოსავლების სახით 276 მლნ ლარამდე დააკლდება (2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით). ახლა, როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა, გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია და ვანო მთვრალაშვილი ამას გამართლებულად არც მიიჩნევს.

საწვავზე მაღალი ფასი, როგორც წესი, ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. საწვავის გაძვირებისას, როგორც წესი ძვირდება მგზავრობაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system