თავში

მსოფლიო ბანკი საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება

მსოფლიო ბანკი საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება
მსოფლიო ბანკი საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება

„მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის გვერდით დგას ეკონომიკის აღდგენის მწვანე გზაზე," - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ვირტუალურ ღონისძიებაზე განაცხადა. ცნობისთვის, 2021 წლის 17 მაისს მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ მიგნებები და რეკომენდაციები. ანგარიში იკვლევს საქართველოს პოტენციალს მწვანე და მედეგ განვითარებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ეკონომიკური განვითარების იმგვარი მოდელია, რომელიც ეფექტიანად იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მინიმუმამდე ამცირებს დაბინძურებას და გარემოსადმი მიყენებულ ზიანს, და ავლენსმედეგობასკლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ.

"მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და ანალიზი ხელს უწყობს საქართველოს მწვანე გარდაქმნას, რეაგირებას ახდენს ბუნებრივი რესურსების დეგრადაციაზე, ამცირებს რესურსებზე დამოკიდებული ადამიანების მოწყვლადობას და განსაზღვრავს მწვანე განვითარების სტრატეგიას, რომელიც შესაფერისი და ეფექტურია მთელი საქართველოსთვის - როგორც სანაპირო ზოლისა და დაბლობისთვის, ისე მთიანი რეგიონებისა და ქალაქებისთვის. ქვეყნის მთავრობამ აჩვენა, რომ ის მზადაა ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს და ჩვენც საქართველოს გვერდით ვართ მწვანე განვითარებისკენ მიმავალ ამ გზაზე,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის გლობალურ ცოდნას და მხარდაჭერას მწვანე განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში. ევროკავშირის წევრობა ქვეყნის განვითარების გამწვანებას და „ევროპულ მწვანე გარიგებასთან“შესაბამისობაში მოყვანას ნიშნავს, რომელიც მალე განვითარების თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება. 

„საქართველოს მთავრობა აღიარებს მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს ქვეყნისათვის და მისი მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის განხორციელებისთვის, კერძოდ, სამუშაო ადგილების შექმნასისა და სიღარიბის დაძლევისკუთხით. პანდემიით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას მწვანე განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ეკონომიკურ განვითარებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მნიშვნელობის გათვალისწინებით, დიდად ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის მწვანე გარდაქმნაში ჩვენს მხარდაჭერას,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემეკატერინე მიქაბაძემ.

2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა მდგრადი განვითარების გაძლიერებისა დაგლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისათვის. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში,საქართველომ 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების 35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

„მსურს შევაქო საქართველოს მთავრობა ქვეყნის უნიკალური სანაპირო და საზღვაო რესურსების მნიშვნელობის აღიარებისთვის და კლიმატის ცვლილებისადმი სანაპირო ზოლში ადაპტაციის ღონისძიებების ხაზგასმისთვის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისგანახლებულ დოკუმენტში. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება,მათ შორის შავიზღვისპირა ტერიტორიებზე, და ტურიზმის აღდგენა COVID-19 პანდემიის შემდეგ ჩვენთვის პრიორიტეტულ ქმედებათა შორის იქნება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა სტივენ შონბერგერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გლაზგოში დაგეგმილ მხარეთა კონფერენციაზე საქართველო და პარიზის ხელშეკრულების ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ანგარიშგებას ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

საქართველოს ახალი ვალდებულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებში მოიცავს:

1. 2030 წლისთვის, ემისიების შემცირება 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2. ემისიების შეზღუდვის რეალისტური მიზნების დასახვა შვიდი სექტორისთვის: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და ტყის მართვა.

3. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

4. ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, განსაკუთრებით კი ენდემური, ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების;

5. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება;

6. ქალთა როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და წყლის რესურსების მდგრად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია. მათი ინგორმაციით, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია. UNDP-ის ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.

ცნობისთვის, „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. „სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია. „სოფლის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.

განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია.

აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გეგმავს 2030 წელს მავნე გამონაბოლქვი 50-52%-ით შეამციროს, 2005 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის ნულოვანი გამონაბოლქვით არსებობაა დაგეგმილი. როგორც სამიტზე ბაიდენმა განმარტა, 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე. აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას უკვე ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ბაიდენი ამტკიცებს, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას გაზრდის, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მრავალრიცხოვან სამუშაო ძალას მოითხოვს. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ამისთვის ამერიკის პრეზიდეტს, თითქმის ყველა დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურის დახურვა მოუწევს.

შეგახსენებთ, Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა, კამპანიისთვის „ნახშირბადის მიღმა“ $500 მილიონი დოლარი გადარიცხა. თანხა აშშ-ში 2030 წლისთვის დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვას უნდა მოხმარდეს.

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ეს ამბიციური გეგმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ.

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system