თავში

რესტორნებმა თვითნებური გახსნა გადაიფიქრეს

რესტორნებმა თვითნებური გახსნა გადაიფიქრეს
რესტორნებმა თვითნებური გახსნა გადაიფიქრეს

რესტორნებმა თვითნებური გახსნა გადაიფიქრეს.

"გუშინდელ შეხვედრაზე მთავრობამ გამოხატა კონსტრუქციულ რეჟიმში ერთობლივად მუშაობის სურვილი და, გარკვეულწილად, ჩვენც ვეთანხმებით ამ ურთიერთობას," - ასე პასუხობენ რესტორატორთა ასოციაციაში კითხვას, რამდენად კმაყოფილია სექტორი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რესტორნებმა და კვების ობიექტებმა უნდა იცოდნენ დროში გაწერილი გეგმა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. ამ ეტაპზე ეს მათი მთავარი მოთხოვნაა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია ამ რეჟიმში ფუნქციონირება“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, გაიხსნებიან, თუ არა ისინი თვითნებურად, ბურჟანაძე ამბობს, რომ, დიდი ალბათობით ამ რისკზე აღარ წავლენ, თუმცა ამაზე სექტორი დღეს დღის პირველ ნახევარში იმსჯელებს და გადაწყვეტილებას 12 საათისთვის გამოაცხადებს.

შრომის ინსპექცია შეხვედრით კმაყოფილია. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ რესტორნების დაანონსებული აქცია დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან რესტორატორების გასაჭირი სახელმწიფომ გაიზიარა. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაანონსდება რეგულაციების დამატებითი შემსუბუქებაც.

„არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ შაბათს დაანონსებული აქცია, რომელიც მათი მხრიდან იყო გაჟღერებული, რაიმე ფორმით ძალაში იქნება. ვინაიდან მათ მიერ დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან არის გაზიარებული. პირველ ეტაპზე ისინი გაიხსნებიან ღია სივრცეებში და ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოვახდენთ უკვე დამატებითი შემსუბუქების დაანონსებს, რაც დამოკიდებული იქნება იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელთა დაცვაც რესტორნებს მოუწევთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ რესტორნები საქართველოში 15 თებერვლიდან იხსნება. მანამდე კი რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებული გახსნა დააანონსეს, თუმცა, მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმა პოზიცია შეიცვალა.

რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ მკაცრად გააფრთხილა. ინსპექციაში განაცხადეს, რომ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებდნენ, თუმცა რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად, შაბათს გახსნას მაინც აპირებდნენ, რომ არა მათი 15 თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება. 

გუშინვე მთავრობამ განაცხადა, რომ "ურჩ ბიზნესს" სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებში აღარ ჩართავენ და სუბსიდიები და შეღავათები აღარ შეხებათ. 

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system