თავში

როგორ მუშაობს მარაბდა კარწახის რკინიგზა

როგორ მუშაობს მარაბდა კარწახის რკინიგზა
როგორ მუშაობს მარაბდა კარწახის რკინიგზა

შპს “მარაბდა კარწახის რკინიგზის” შემოსავალი 0 ლარი ლარი იყო, მისი ხარჯები კი ჯამურად 183 მილიონ ლარს შეადგენდა, რის გამოც, კომპანიამ 2019 წელი 183 მლნ ლარის ზარალით დახურა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში(გვერდი 55), რომელიც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტს ერთვის.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ხარჯებიდან 22 მილიონი ლარი კომპანიის საოპერაციო ხარჯებია, 9 მილიონი საპროცენტო ხარჯია, 152 მილიონი ლარი კი იყო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი. 

ცნობისთვის, ვალდებულებები 2018 წელს 2,12 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი ლარის გაუფასურების გამო 2.38 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული "მარაბდა კარწახის რკინიგზა" ახორციელებს. პროექტი მოიცავს როგორც 29.2 კმ სიგრძის ახალი სალიანდაგო გზის დაგებას საქართველოში, ასევე - არსებული 157 კმ სიგრძის ლიანდაგის რეაბილიტაციას, ახალი სადგურების აშენებას და სხვა ინფრასტრუქტურის განახლებას. 

"საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დასრულებამდე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რკინიგზების მიერ შეიქმნება „ერთობლივი საწარმო“, რომელზეც მოხდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვაში გადაცემა (შპს „მარაბდა-კარწახი“ დარჩება ქონების მესაკუთრედ), სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შემოსავლების მიღება და სესხის დაფარვის ვალდებულება გადავა „ერთობლივ საწარმოზე“, - აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.

ესაა 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო, რომლის დირექტორი ლევან კანკავაა. მისთვის დოკუმენტით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობაა მიწისზედა და მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობა.

ცნობისთვის, მარაბდა-კარწახის რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც $775 მილიონიანი სესხით აშენდა.

ის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის (BTK) საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ნაწილია. BTK-ის ქართული ნაწილის სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი რამდენიმე წლის წინ დასრულდა. დარჩა ისეთი ტიპის სამუშაოების შესრულება, რომლებიც უშუალოდ რკინიგზის ოპერირების დაწყებასთან არის დაკავშირებული. 

პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, პირველ ეტაპზე - 5 მილიონი ტონა ტვირთის, შემდგომ ეტაპზე კი, 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.

პროექტი დააფინანსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 775 მლნ აშშ დოლარიანი სესხით. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5%-ს. სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება პროექტის დასრულების შემდეგ და უნდა დაიფაროს 25 წლის განმავლობაში.

ამჟამად რკინიგზა სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. გასულ წელს მისი მეშვეობით 19-მა ბლოკ მატარებელმა გაიარა, 2020 წელს კი, რკინიგზის ცნობით 170-მდე სატესტო მატარებლის გავლა იყო დაგეგმილი. 

ცნობისთვის, სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში ამ სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთის იმპორტი პირველად 2019 წლის ივნისში განხორციელდა.

ეს სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე აშენდა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორი ტიპის გზაგამტარებს: რკინა-ბეტონის და ლითონის გოფრირებული კონსტრუქციის. ამ სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთი სულ მოიცავს 36 გზაგამტარს. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 8 გზაგამტარს. აშენდა 18 ახალი გზაგამტარი.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე 5 ახალი ხიდი აშენდა, 17-ს კი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

აქტიურად მიმდინარეობს ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის კეთილმოწყობა. სადგურში სადგურში 1520 მმ-იანი ლიანდაგის სტანდარტიდან ევროპული სტანდარტის 1435 მმ-იან ლიანდაგზე სატვირთო ვაგონების გადაყვანისათვის სპეციალური აღჭურვილობა დამონტაჟდა. სატვირთო ვაგონების გადასაადგილებელი პუნქტი 11340 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

ცნობისთვის, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორია 102 ჰექტარს მოიცავს, სადაც სხვა ობიექტებთან ერთად განთავსებულია შენობები სადგურის პერსონალისთვის.

სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე, ალპურ ზონაში, სამუშაოები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამ მონაკვეთზე მსხვილტონაჟიანი გადასატვირთი პუნქტი მოეწყო. აქვე ეწყობა თოვლდამცავი გალეერები.

აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაზარდა.

აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, თურქმენეთში წარმოებული პროპილენის მორიგი პარტია მიეწოდა თურქეთს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით.

ყარსის ლოგისტიკურმა ცენტრმა პირველი მატარებელი უკვე მიიღო და კომერციულ ოპერირებას წლის ბოლოდან დაიწყებს.

საქართველოს მთავრობის 2019-2020 წლის პროგრამის მიხედვით კი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ასამოქმედებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს სამინისტროების 2021-2024 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა და მეპატრონეებისთვის კომპენსაციების გადახდა.

ამ სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება. მაგისტრალის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო.

პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა.

პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას გაეცანით ვიდეოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system