თავში

საქართველოში საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროსტანდარტებს უახლოვდება

საქართველოში ​საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროსტანდარტებს უახლოვდება
საქართველოში საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროსტანდარტებს უახლოვდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. უწყების განმარტებით, შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები. 

სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ახალი პარამეტრების დამატება ბენზინის ფასზე გავლენას არ მოახდენს.

"ბენზინის ხარისხისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და გარემოსდაცვითი პარამეტრების ფარგლებში იგი 2017 წლიდან შეესაბამება ევრო 5 სტანდარტს. ამასთანავე, საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. 2016 წლიდან, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს საავტომობილო საწვავის, მათ შორის, ბენზინის ხარისხის მონიტორინგს. 2020 წელს ორ ეტაპად 252 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულ იქნა 301 ბენზინის სინჯი და განისაზღვრა ტყვიის, გოგირდის და ოქტანური რიცხვის მახასიათებლები. ერთეულ შემთხვევებში ოქტანური რიცხვის ნორმის დარღვევის გარდა, სხვა ტიპის დარღვევები არ გამოვლენილა," - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

ცნობისთვის, 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.  წელს ჯამში გარემოსდაცვითი კანონდარღვევისთვის 1 602 800 ლარის ჯარიმა გამოიწერა, მათ შორისაა საწვავის ხარისხობრივი ნორმების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიც. 

რაც შეეხება დიზელს, მასზე ევრო-5 სტანდარტის ვალდებულება  2021 წლამდეა გადავადებული, თუმცა ის შეიძლება კიდევ გადავადდეს.  გადავადდება თუ არა დიზელზე ევრო-5 სტანდარტის ვალდებულება, ჯერ უცნობია, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა მთავრობას თხოვნით უკვე მიმართეს. დიზელის სტანდარტთან დაკავშირებით ანალოგიური პოზიცისაა დისტრიბუტორთა ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში სტანდარტის დაწესება დისტრიბუციას შეუქმნის პრობლემას, რადგან დიზელის გაძვირებას გამოიწვევს და საბოლოოდ როგორც დისტრიბუციის ხარჯის ზრდას, ასევე რიგი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ დიზელის სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობა სექტემბრიდან გააქტიურდა, როცა ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში ეპიდემიის გამო ქარხნების გადაიარაღების პროცესს ხელი შეეშალა. ანალოგიური პოზიცია აქვს "სოკარს", რომელიც დიზელის შიდაბაზარზე ანგარიშგასაწევი მოთამაშეა, ანუ ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. ზოგადად აზერბაიჯანული დიზელის წილი მთლიან იმპორტში 38-40%-ის ფარგლებშია. 

ნავთობიმპორტიორთა კავშირისმტკიცებით, მხოლოდ რეგულაციის გადავადების შემთხვევაში მოახერხებენ იმპორტიორები "დაიჭირონ" ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ლიტრი დიზელი 25 თეთრით გაძვირდება.

დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. რეგულაციის გადავადება ბიზნესგაერთიანებებმა მაშინაც აზერბაიჯანული დიზელის შეზღუდვის პრევენციის მიზნით მოითხოვეს და მთავრობამ ის 2021 წლის 1 იანვრამდე გადააავადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system