თავში

საქართველოში საზღვაო სფეროს მასშტაბური კვლევები ჩატარდება

საქართველოში საზღვაო სფეროს მასშტაბური კვლევები ჩატარდება
საქართველოში საზღვაო სფეროს მასშტაბური კვლევები ჩატარდება

საზღვაო სფეროში მასშტაბური კვლევები იწყება. კვლევებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული „ბიზნესკვლევების სახლი“ ჩაატარებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა „ბიზნესკვლევების სახლის“ ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილთან და ამავე ცენტრის მკვლევრებთან დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანას საზღვაო სტრატეგიის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება, რომელიც ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის, საქართველოს საზღვაო დროშისა და საზღვაო პორტების განვითარების, საშეღავათო საგადასახადო სისტემისა და საზღვაო ბიზნესების ხელშეწყობის მიმართულებით მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს გააერთიანებს.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მიმართულებაზე იმსჯელეს, რომლებზეც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მუშაობს.

„ბიზნესკვლევების სახლის“ ხელმძღვანელის ინიციატივით, იგეგმება საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის მრავალმხრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რომლის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ მსოფლიოში აღიარებული კლასიფიკაციით, საქართველოს საზღვაო დროშა, 2020 წლის მდგომარებით, პარიზის მემორანდუმის მიხედვით, არცერთ სიაში არ იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ მისი დროშით დარეგისტრირებულია მცირე რაოდენობის გემები, სხვა ნავსადგურებში,შესაბამისად ინსპექციას ვერ გადიან, და ვერ ხვდებიან საზღვაო დროშის ნუსხაში.

ცოტა ხნის წინ მეღვაურის საერთაშორისო დღეზე პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და ქვეყანა ეკონომიკურად ვერაფერს მიაღწევს, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და საჭირო.

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძალიან დაგვიანდა და მთავრობა გეგმავს, შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი გახდეს ღრმაწყლოვანი. მისივე განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი და ეს ფოთში სავსებით შესაძლებელია.

ცნობისთვის, დაგეგმილია ფოთის პორტის გაღრმაწყლოვნება. ეკონომიკის მინისტრის, თურნავას თქმით, საქართველო ფოთის პორტსაც განავითარებს და ანაკლიის პორტსაც ააშენებს.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, საქართველოს დღეს 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system