თავში

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს
სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება და აღნიშნული მექანიზმი პურზე ფასის დასტაბილურებას უზრუნველყოფს.

„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, პურზე ფასი არ გაიზრდება.

დღეს სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას აქამდეც გამოთქვამდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system