თავში

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს, ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას ედავება.

ლევან რაჯავს ბრალი პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ედება.

ბიძინა ხასიას კი ბრალად ედება პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, ტარება.

გამოძიების თანახმად, დაკავებულთაგან ლევან ლატარიამ ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან ბიძინა ხასიას მანქანით მიიმალა, რა დროსაც მას მკვლელობის შესახებ უამბო. 

ლატარია მისსავე სახლში, გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს და ბინიდან ნარკოტიკი ამოიღეს. 

ბიძინა ხასია კი დანაშაულის დაფარვისთვის მისი მეგობრის - ლევან რაჯავის სახლში აიყვანეს, რა დროსაც, გამოძიების ცნობით, მან ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, სამართალდამცველებისკენ ისროლა და მიმალვა სცადა.

ანასტასია შატალოვა თბილისში სამი დღის წინ მოკლეს. მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა. სასტიკი დანაშაულის საქმეზე 3 პირია დაკავებული.

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა, ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

მკვლელობის დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს და თავადაც შეძრულია ტრაგედიით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system