თავში

შოთაძე: რთულია გენერალური პროკურორობა

შოთაძე: რთულია გენერალური პროკურორობა
შოთაძე: რთულია გენერალური პროკურორობა

ჩემთვის, ამ კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებამდე შესავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოთაძემ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელმაც ის გენერალური პროკურორის კანდიდატად წარადგინა, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გენერალური პროკურორობა რთულია.

„მინდა მადლობა გადავუხადო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკადემიურ საბჭოს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. წელიწადზე მეტია ვსაქმიანობ ამ უნივერსტიტეტში, ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, ვიცი რა ის პასუხისმგებლობა, რაც გენერალურ პროკურორს აკისრია, ზოგადად კანონის უზენაესობის, ქვეყნისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება ამ კონკურსში მონაწილეობაზე არ იყო მარტივი. როგორც საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რამდენიმე წლის განმავლობაში მეკავა აღნიშნული თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე დავტოვე საკუთარი გადაწყვეტილებით ასევე, საზოგადოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით. თითოეული ჩემი დღე იყო მიმართული პროკურატურის გაძლიერებისკენ, მისი როლის განმტკიცებისკენ, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზნაესობის დამკვიდრების გზაზე. მთავარ პროკურორად მუშაობის განმავლობაში მქონდა ამ მიმართულებებით მთელი რიგი წარმატებები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ასევე ვისაუბრებ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც პროკურატურა დგას. ზოგადად პროკურორობა არის რთული და შესაბამისად, რთულია გენერალური პროკურორობა,“ - განაცხადა შოთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრები, დღეს გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს, მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძის პსოტი კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური,რაც ის საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლესთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს. 

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 2020 წლის 27 იანვარს დაიწყეს. ამ დროისთვის, უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system