თავში

რურუას ადვოკატი: პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია

რურუას ადვოკატი: პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია
რურუას ადვოკატი: პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გრძელდება. 

ბრალდებულის ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღეს ისინი შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავენ.

,,ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული მიდგომა და შუამდგომლობას ვაყენებთ ყოველთვის, როდესაც ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, თუ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რაიმე ისეთი მოხდება, ბუნებრივია, შესაძლოა, დაუგეგმავად დავაყენოთ, მაგრამ ამ ეტაპზე საფუძველი არ გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ადვოკატის ცნობით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხებიან ის პირები, რომლებმაც გიორგი რურუას დაკავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

,,დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება პოლიციის სამი თანამშრომელი, აქედან ერთ-ერთი არის დავით დვალიშვილი, რომელიც მონაწილეობდა გიორგი რურუას შეჩერების და დაკავების ოპერაციაში, ის იყო თანამშრომელი, რომელმაც დაურეკა პატრულის თანამშრომელს და სთხოვა გიორგი რურუას გაჩერება, რაც შეეხება დანარჩენ ორ პოლიციელს, ისინი იმყოფებოდნენ თბილისის პოლიციის შენობაში და მას შემდეგ, რაც მოხდა გიორგი რურუას დაკავება, სწორედ ამ პოლიციელებს გადააბარეს დამკავებელმა პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი რურუა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება კითხვები გიორგი რურუას დაკავებასთან დაკავშირებით, ამ პირებთან.  ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა, ვინაიდან მათი ჩვენება, ისევე, როგორც აქამდე, დაკითხული პოლიციელების ჩვენება, როგორც წესი, არის ხოლმე ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავი," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, წინა პროცესზე ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და რურუა პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system