თავში

მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო - პრეზიდენტი

მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო - პრეზიდენტი
მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი.

,,ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება", - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შსს-ს თანამშრომლები სასამართლო განჩინების აღსრულების მიზნით მივიდნენ, თუმცა მათ კარი ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

დღესვე, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდეს საერთაშორისო პარტნიორებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

მზად ვართ ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ დიალოგს - აშშ-ის საელჩო

საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს - ბრიტანეთის საელჩო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system