თავში

სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს - კალაძე

სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს - კალაძე
სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს - კალაძე

"კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გახარიას ქმედებებმა კითხვები გააჩინა. კალაძე ამბობს, რომ ავსტრიაში ჩატარებული კვლევების შემდეგაც უამრავი კითხვა გაჩნდა.

"ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კამპანია და დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა და პირველი, მეგონა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა ის, ვინც ჩაერთვებოდა ამ კამპანიაში. თუმცა, გიორგი გახარიამ საკუთარი თავის წინააღმდეგ კამპანია თავადვე წამოიწყო თავისი არასწორი განცხადებებითა და დამოკიდებულებით ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მისი განცხადებები, მისი არაადეკვატური ქმედებები, რამაც ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა. 

კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, ეს ძალიან მძიმე იყო. მიდის ავსტრიაში, სადაც როგორც თვითონ ამბობს, რაღაც კვლევები ჩაიტარა. თუმცა, აქაც უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ეს არის რეალობა. მისმა ქმედებებმა გააჩინა კითხვები", - განაცხადა კალაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

გახარიას განცხადებით უპასუხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ამასთან, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს"კოკაინშიკი" უწოდა.

კახა კალაძის თქმით კი, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.

17 სექტემბერს გიორგიგახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system