თავში

ჯამუსა და ქაშმირში "შავი ობის" ეპიდემია გამოაცხადეს

​ჯამუსა და ქაშმირში "შავი ობის" ეპიდემია გამოაცხადეს
ჯამუსა და ქაშმირში შავი ობის ეპიდემია გამოაცხადეს

ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიებზე ადგილობრივმა მთავრობამ მუკორმიკოზი ("შავი ობი") ეპიდემიად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of India ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, საშიში სოკოვანი დაავადების, მუკორმიკოზის მკურნალობა ინდოეთის ეპიდემიური დაავადებების შესახებ 1897 წლის კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც ეპიდემიების გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით სპეციალურ ზომებს ითვალისწინებს.

ყველა სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულება მუკორმიკოზის სკრინინგს, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობისა და სხვა შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე უნდა ახორციელებდეს.

შეგახსენებთ, ინდოეთში "შავი ობით" 7 250 ადამიანია დაავადებული. 

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა განაცხადა, რომ ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია ქვეყნის 29 შტატში უნდა გამოაცხადოს.

ათასობით ინდოელმა "შავი ობის" ინფექციის გამო თვალი დაკარგა. 

მუკორმიკოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან და მათში, ვინც სტეროიდების დიდ დოზებს იღებს. დაბალი იმუნიტეტის გამო, ჰაერში არსებულმა სოკოებმა, შესაძლოა, დააინფიციროს სინუსები, მოხვდეს თვალებში და ტვინშიც კი, რამაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system