თავში

სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს

​სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს
სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს

კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო ჩეხეთის ხელისუფლება სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულგანეკმა განაცხადა.

მისი თქმით, 27 ნოემბრიდან ჩეხეთში აღარ შემოუშვებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს: ნამიბიას, ლესოტოს, ზიმბაბვეს, ბოტსვანას, მოზამბიკს, ზამბიას და სვაზილენდს ეწვივნენ.

შეზღუდვები 12 დეკემბრამდე დარჩება ძალაში.

სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულებისთვის საზღვრებს იტალიაც კეტავს. ქვეყანაში ვეღარ შემოვლენ ისინი, ვინც ბოლო 14 დღის მანძილზე სამხრეთ აფრიკაში, ლესოტოში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ესვატინში არიან ნამყოფები.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას თქმით, ამჟამად იტალიელი მეცნიერები შტამს B.1.1.529 სწავლობენ.

სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას გერმანიაც წყვეტს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის თქმით კორონავირუსის ახალი ვარიანტი შემაშფოთებელია და ხელისუფლება აქტიურად და ადრეულ სტადიაზე მოქმედებს. ავიამიმოსვლა გერმანიასა და სამხრეთ აფრიკას შორის 27 ნოემბერს შეწყდება. ავიაკომპანიებს რეგიონიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეების წამოყვანის უფლება ექნებათ, რომლებიც ქვეყანაში ჩამოსვლისას 2-კვირიან კარანტინში უნდა გადავიდნენ. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ნიდერლანდები სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system