თავში

რას გამოიწვევს ხელოვნური ინტელექტი განვითარებას თუ განადგურებას?

რას გამოიწვევს ხელოვნური ინტელექტი განვითარებას თუ განადგურებას?
რას გამოიწვევს ხელოვნური ინტელექტი განვითარებას თუ განადგურებას?

ჩემს პირველ ბლოგში, მომავლის განვითარების შესაძლო ვერსიებზე ვისაუბრე და მოკლედ გაგაცანით ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტურად შეცვლა შეუძლია. ამის შემდეგ გადავწყვიტე, თითო მათგანზე უფრო ვრცლად მოგიყვეთ და ამჯერად ხელოვნურ ინტელექტზე შევჩერდები. 

 წინა ბლოგში გონების გაციფრულებაზე მოგიყევით, რაც ადამიანს, პრაქტიკულად, ღმერთად აქცევს და რა საკვირველია, არა იმ ღმერთად, რომელზეც ვლოცულობთ. დღევანდელი ტექნოლოგიები ამის განხორციელების საშუალებას ახლო მომავალში არ იძლევა, თუმცა, თეორიულად ეს მართლაც შესაძლებელია.

ერთხელ გითხარით, რომ გვეშინია ყველაფრის, განსაკუთრებით კი სიახლის და ეს ბუნებრივია... ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ შესაძლოა ერთი შეცდომაც კი კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩდნეს კაცობრიობისთვის და მერწმუნეთ ეს უბრალოდ არ მიხსენებია. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, განსაკუთრებით კი ქართველი ადამიანები (უფრო ზუსტად საქართველოს მოქალაქეები), სამწუხაროდ, საერთოდ მოუმზადებლები ვართ მომავლისთვის. ჰო და თუ ფიქრობთ რომ აწმყო არ გვწყალობს, მომავალიც არ იქნება ჩვენი, ყოველ შემთხვევაში უკეთესი მომავალი, თუ რა თქმა უნდა დამოკიდებულებებს არ შევცვლით და სამყაროს განვითარების სწრაფ ტემპს ფეხს არ ავუწყობთ. 

ჩვენ გვეშინია მეხუთე თაობის ინტერნეტის და გვგონია რომ მალე ყველანი კიბოთი ან ლეიკემიით დავვაადდებით, სინამდვილეში კი არ არც ვიცით, რაზეა კონკრეტულად საუბარი. ვახსენებთ მიკროჩიპებს და მაშინვე ბიბლიური აპოლალიფსი გვიდგას თვალწინ, გასაგები, თუმცა ამავდროულად არალოგიკური მიზეზის გამო. არ ვამტკიცებ, რომ ტექნოლოგიების განვითარება შესაძლოა საფრთხის შემცველი არ იყოს, ამის სამწუხარო მაგალითები რეალურად გვაქვს, თუნდაც ატომური იარაღის პრაქტიკაში გამოყენება.  მსურს ყურადღება გავამახვილოთ რეალურ პრობლემებზე, რეალურ საფრთხეებზე და მეტი ვიცოდეთ იმაზე, რაც, უნდა ეს ვინმეს თუ არა მომავალს აუცილებლად შეცვლის. 

ამხელა შესავალი კი იმიტომ გავაკეთე, რომ დღეს ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი მსურს, რაც ძალიან მალე ჩვენს ცხოვრებას აუცილებლად, გარდაუვლად შეცვლის, რადგან ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია - ახლა მთავარია, როგორ შევხვდებით მას და როგორ მოვამზადებთ საკუთარ თავს და განსაკუთრებით კი მომავლის ადამიანებს, შვილებს, წარმოუდგენლად განსხვავებული მომავლისთვის.

 დავიწყოთ, რა არის ხელოვნური ინტელექტი - ესაა კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ კომპიუტერულ მანქანის/პროგრამის შექმნას, რომელსაც ექნება უნარი მიაღწიოს ადამიანის ინტელექტის გაგებას. ხელოვნური ინტელექტის ნერვული ქსელი არის კვანძების ურთიერთდაკავშირებული ჯგუფი, რომელიც ადამიანის ტვინის ნეირონების ქსელს ჰგავს. თუ კომპიუტერი ჩვენს დეტალურ მითითებებს ასრულებს და პრობლემას ასე წყვეტს - ხელოვნურ ინტელექტს არ სჭირდება მითითება - ის თავად მოძებნის გადაჭრის გზებს. ეს ერთის მხრივ საოცარიცაა და მეორეს მხრივ საშიშიც. 

ყოველ რამდენიმე წელიწადში, კომპიუტერების შესაძლებლობა თითქმის ორმაგდება, მასთან ერთად შესაბამისად ვითარდება სხვა კომპიუტერული დარგებიც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტიც და მისი სრულყოფისთვის ერთგვარი რბოლაცაა გამოცხადებული ქვეყნებს და მათ ფარგლებს შორის მოღვაწე მეცნიერებს შორის.განსაკუთრებთ ჩინეთი და აშშ ინდომებს. ის ვინც პირველი შეძლებს შექმნას ადამიანის მსგავსად მოაზროვნე სუპერკომპიუტერი, ის საგრძნობლად დაწინაურდება ყველა კონკურენტისგან ნებისმიერ სფეროში.

2016 წლის მარტში, პროგრამა AlphaGo-მ 5 მატჩიან შეხვედრაში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი, ლი სედონი, მსოფლიოში ყველაზე კომპლექსურ სამაგიდო თამაშში გო. ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ცოტა ხანში, AlphaGo-ს შემქმნელებმა კიდევ უფრო დახვეწეს პროგრამა დაა რამდენჯერმე განავითარეს. შედეგად მომდევნო ვერსიამ, თავად ჩემპიონების დამმარცხებელიAlphaGo, მცირეხნიანი ვარჯიშის შემდეგ 100-0 დაამარცხა.

ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად ვითარდება. დღეს მას უკვე იყენებენ ხმოვანი ასისტენტები - ისეთები როგორიცაა SIRI, Google Assistant. იყენებს Youtube, როდესაც ვიდეოს რეკომენდაციას აკეთებს. იყენებენ Tesla-ს ავტომობილები, ავტოპილოტის რეჟიმში გადასაადგილებლად. ეფექტურად გამოიყენებენ სხვადასხვა სფეროებში ანალიტიკისთვის. ის თანდათან უფრო ჭკვიანდება და უფრო ფუნქციური ხდება. ეს კი მალე ყველაფერს შეცვლის. 

ინდუსტრიალიზაციის პერიოდში - ავტომატიზაციამ, ბევრის შიშის მიუხედავად უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ვიდრე შეამცირა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის დახვეწის შემდეგ ეს სავარაუდოდ ასე არ იქნება. მის შემქმნელ ერთ-ერთ პიონერს თუ დავუჯერებთ, 15 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი მასიურად დაიწყებს ადამიანების წარმატებით ჩანაცვლებას რუტინულ სამუშაოებში. აღარ იქნება საჭირო მძღოლები, კონსულტანტები, ანალიტიკოსები, მრეცხავები, დაცვის სამსახურები, რადიოლოგები, ჰემატოლოგები და ბევრი ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ადგილებს მხოლოდ კრეატიული სამსახურების მქონე ადამიანები შეინარჩუნებენ, რადგან კრეატიულობა ახლო მომავალშიც ისევ ადამიანების უპირატესობა იქნება. შეიძლება ითქვას ერთადერთიც - რადგან მანქანები ბევრად უფრო სწრაფად გამოთვლიან ყველაფერს, ვიდრე თუნდაც ამას აინშტაინის დონის ფიზიკოსი გააკეთებდა. მართალია ეს პროცესი, კრეატიული სამსახურების შექმნას გაზრდის, თუმცა იქნება კი ეს საკმარისი უმუშევრად დარჩენილ ადამიანთა ნაკადის დასაკმაყოფილებლად?

ჩვენ შევეჩვიეთ აზრს, რომ არსებობის მიზანი მუშაობაშია, ამიტომ ახალ რეალობაში ადაპტირება ნამდვილად გაგვიჭირდება. ერთის მხრივ ხელოვნური ინტელექტის ასეთი განვითარება კიდევ უფრო დააჩქარებს ტექნოლოგიურ პროგრესს, სამყაროში უფრო მეტი ფული გაჩნდება, ადამიანებს კი უფრო მეტი დრო დარჩებათ საყვარელი ადამიანებისთვის.

სამაგიეროდ, მდიდარ ადამიანებსა და საშუალო კლასს შორის გაიზრდება სხვაობა. უმუშევრად დარჩენილი, გაბრაზებული ხალხი კი აუცილებლად მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამიტომ დიდი ალბათობით, მოგვიწევს ეკონომიკურ სისტემებში ცვლილებების შეტანაც. მოგვიწევს შევცვალოთ მიდგომები. რაც მეეჭვება მარტივი საქმე იყოს - განსაკუთრებით კი განვმეორდები ჩვენთვის, ქართველებისთვის.

ასაკით დიდი არ ვარ და კარგად მახსოვს, რას მასწავლიდნენ სკოლაში, ეს სწავლება კი თანამედროვე სამყაროში ცხოვრებისთვის ფაქტობრივად გამოუდეგარია. იმასაც ვხედავ, რომ ბევრი არც არაფერი შეცვლილა. არადა თავად სამყარო შეიცვალა და მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია. საჭიროა თანამედროვეობას მოვერგოთ. საჭიროა სწრაფად ავითვისოთ ის, რასაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს და ტექნოლოგიების ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება ვისწავლოთ.

 ფიქრობთ, რომ სცენარი, რომელიც დავხატე, კატასტროფაა? მე ასე არ ვფიქრობ, თუ, რა თქმა უნდა, მზად შევხვდებით ცვლილებებს. ყოველ შემთხვევაში, სათქმელი ჯერ კიდევ წინ მაქვს და წინასწარ გეტყვით, რომ ნამდვილ კატარსტროფაზე საუბარს ახლა ვაპირებ.

 წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება ჭადრაკის ერთ პარტიაზეა დამოკიდებული. თქვენს მოწინააღმდეგესაც ისევე ძალიან სურს დაგამარცხოთ, როგორც თქვენ. საბედნიეროდ თქვენ მეგობარი გყავთ, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონია? ალბათ დახმარებას თხოვდით არა? ის გასწავლიდათ როგორ უნდა მიგეღოთ სწორი გადაწყვეტილება და დაგემარცხებინათ ოპონენტი.

ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება მაშინ, როდესაც ერთმანეთის კონკურენტი ქვეყნები შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის იარაღად გამოყენებას. ჩემი აზრით, ეს ატომურ იარაღზე უარესი პერსპექტივაც შეიძლება იყოს. მისი "ბოროტ" ხელში ჩავარდნა კი ბევრად უფრო მარტივი იქნება ვიდრე ბალესტიკური რაკეტების. 

ეს ყველაფერი არაა. რაღაც ეტაპზე ჩვენივე ძალისხმევით - ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შესაძლებლობებს გაუტოლდება და წარმოიდგინეთ რა მოხდება მაშინ, როდესაც თქვენზე 1000-ჯერ სწრაფად მოაზროვნე არსება თქვენს გვერდით იცხოვრებს. ის ძალიან სწრაფად შეგისწავლით - შეისწავლის მთელი კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნას, ეცოდინება თქვენს შესახებ ყველაფერი, ეცოდინება თქვენი სისუსტეები, შეძლებს თავად შექმნას მისი მსგავსი არსებები და შესაძლოა თქვენ არაფერს გერჩოდეთ, მაგრამ თუ ერთ დღესაც თქვენი გზები გადაიკვეთება რა მოხდება მაშინ? 

სხვათაშორის, ეს პირადი შიშები არაა. ილონ მასკი კატეგორიულად წინააღმდეგია რეგულაციების გარეშე გაგრძელდეს ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა. ის ფიქრობს, რომ ჩვენ აუცილებლად დავკარგავთ კონტროლს და ევოლუციის სათავეში მყოფი არსებები აღარ ვიქნებით. ილონი, რომელიც ტექნოლოგიების და ინოვაციების ნამდვილი გულშემატკივარია და თავადაა ინოვატორი, ხელოვნური ინტელექტის გულწრფელად ეშინია. და იქნებ მართალიცაა? 

არავინ იცის რა მოხდება მაშინ, როდესაც ჯინს ბოთლიდან გამოუშვებ, შეიძლება ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართოს, შეიძლება კი ჩვენთვის ძალიან ცუდადაც დასრულდეს. ხელოვნური ინტელექტის დახვეწა დააჩქარებს სამედიცინო სფეროს განვითარებას, აქამდე დაუმარცხებელი დაავადებების დამარცხებას შევძლებთ, ადამიანები ავტოკატასტროფებში აღარ დაიღუპებიან, რადგან თვითმართვადი ავტომობილები გაცილებით უსაფრთხო იქნება, ბიზნესები უფრო მომგებიანი გახდება, ნაკლები მუშაობა მოგვიწევს და ბევრი დრო გვექნება სიამოვნებისთვის, ერთმანეთისთვის, ოჯახებისთვის. ამასთან მეცნიერება წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყებს აქამდე გაუცემელ კითხვებზე პასუხების პოვნას და არავინ იცის ეს სადამდე მიგვიყვანს.

 დიახ ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ამის საპირწონედ საფრთხე დევს. შეიძლება ილონი და მისი თანამოაზრეები ცდებიან, შეიძლება არც, მაგრამ ცოდნა და ინფორმაცია ყოველთვის იყო ძალა, ამიტომ მნიშვნელოვანია მზად ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი, რადგან კაცობრიობის ბედი შესაძლოა სულ მალე გადაწყდეს.

ბლოგს კი სოკრატეს სიტყვებით დავასრულებ. "ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივუტევოთ ბავშვს, რომელსაც სიბნელის ეშინია, თუმცა რეალური ტრაგედიაა, როცა კაცს სინათლის ეშინია“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system