თავში

ნავთობპროდუქტების უკანონო რეალიზაციის მორიგი საქმე გაიხსნა

ნავთობპროდუქტების უკანონო რეალიზაციის მორიგი საქმე გაიხსნა
ნავთობპროდუქტების უკანონო რეალიზაციის მორიგი საქმე გაიხსნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე კომპანიას გააჩნდა აღურიცხავი საწვავი, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გააყალბეს ნავთობპროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც ერთმანეთს შორის, თითქოსდა განახორციელეს საწვავის მიწოდებები. აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადების გზით, კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა აღურიცხავი/დაუსაბუთებელი ქონება - ნავთობპროდუქტის სახით, რითაც, ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა, მიიღეს 1 872 349 ლარის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
ამავე დროს, აღნიშნული ოპერაციებით, დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო - ყალბი აქტივი, 285 000 ლარის ოდენობით. დაკავების შემდეგ, ერთ - ერთმა ბრალდებულმა ბიუჯეტში შეიტანა მიყენებული ზიანის ნაწილი - 155 000 ლარის ოდენობით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ნავთობიმპორტიორთა კავშირმა report.ge-ს ამცნო საკუთარი ეჭვი, რომ ქვეყანაში გარკვეული დოზით ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, ამის წყარო შეიძლება იყოს ადგილზე წარმოებული აღურიცხავი პროდუქცია ან საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.

ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 551,7 ათასი ტონა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით ნაკლებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. კერძოდ, ავტოპარკი, სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. შესაბამისად,ნავთობიმპორტიორთა კავშირში ფიქრობენ, რომ დიზელის საწვავის მოხმარება ქვეყანაში გაზრდილია და ის არ შეესაბამება იმპორტის მაჩვენებელს. მოხმარება მეტია, იმპორტი ნაკლები.

შედარებისათვის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 2019 წელს შეადგინა 544,3 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გაზრდილიაბენზინის ალტერნატიული საწვავის გამოყენება, როგორებიცაა ბუნებრივი აირი (CNG) და თხევადი აირი (LPG). ასევე მომატებულია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ქვეყანაში, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

სწორედ ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს ნავთობიმპორტიორთა კავშირი, რომ საწვავის იმპორტზე მეტ მოთხოვნას ქვეყანა სწორედ არადეკლარირებული, აღურიცხავი საწვავით იკმაყოფილებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system