თავში

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი გააქტიურდება

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი გააქტიურდება
ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი გააქტიურდება

"ანაკლიის პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ; საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვალდებულებების არაერთხელ გადავადების მიუხედავად, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, ანაკლიის პორტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულებები, მათ შორის, მხოლოდ ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ. ასევე, მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, ასევე გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას. თუმცა, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებითა და ღრმაწყლოვანი პორტის არქონით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system