თავში

ქართულ IT-ბაზარზე ამერიკული Exadel-ი შემოვიდა

ქართულ IT-ბაზარზე ამერიკული Exadel-ი შემოვიდა

„ისეთი ინდუსტრიების განვითარება, როგორიც აიტი ინდუსტრია, ინოვაციური ბიზნესი, დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული სერვისები და მათი მწარმოებელი კომპანიები არიან, პოსტპანდემიური ეკონომიკის ერთ-ერთი მახასიათებელი იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მოიპოვებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ს, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია.

„მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა პირველი შედეგი და როგორც უკვე იცით, საქართველოში ამერიკული IT კომპანი „ეპამი“ შემოვიდა, რომელმაც დააფუძნა ადგილობრივი ოფისი და 1000-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. ამ დღეებში კი გადაწყდა უკვე მეორე ამერიკული კომპანია „ექსადელის“ საქართველოში შემოსვლა. პირველ ეტაპზე კომპანია საქართველოში 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, თუმცა ოპერირების გაფართოებასთან ერთად, დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში სწორედ ამ სექტორის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გადმოვლენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 5%-იან კონტრიბუციას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Exadel-ი 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია, რომელიც დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.

შეგახსენებთ, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს.

„ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ჩვენი მხრიდან იქნება გარკვეული ხარჯების გაზიარება, მათ მიეცემათ 1 მილიონ ლარამდე ზომის გრანტი იმისთვის, რომ დავფაროთ ხარჯები, რაც დაკავშირებულია ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად პანდემიისა, მეორე კვარტლის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელი იყო, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით მცირე, თუმცა გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

შეგახსენებთ, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system