თავში

საქართველოში მეორე ამერიკული IT-კომპანია შემოდის

საქართველოში მეორე ამერიკული IT-კომპანია შემოდის
საქართველოში მეორე ამერიკული IT-კომპანია შემოდის

"პოსტკრიზისული გეგმა პრაქტიკულად უკვე მოქმედებაშია იმ ნაწილში, რომ ჩვენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან აქტიური ვართ," – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად საქართველოში უკვე მეორე ამერიკული კომპანია შემოდის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც შევიდა საგადასახადო კანონმდებლობაში საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც IT კომპანიებს და არამარტო მათ, შეუმცირდათ მოგების და საშემოსავლო გადასახადი 5 პროცენტამდე. ამის შედეგად ვხედავთ, რომ პირველად შემოვიდა ძალიან მსხვილი, გლობალური ამერიკული კომპანია „ემპამი“, რომელიც 1000-მდე ადამიანს ასაქმებს და ახლა, ამ დღეებში უკვე შემოდის ახალი ამერიკული კომპანია, რომლის სახელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ – ის ასევე ძალიან ბევრ ქართველ სპეციალისტს დაასაქმებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, EPAM-მა საქართველოში შემოსვლაზე მზაობა ოქტომბერში გამოთქვა.

შეგახსენებთ, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს.

„ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ჩვენი მხრიდან იქნება გარკვეული ხარჯების გაზიარება, მათ მიეცემათ 1 მილიონ ლარამდე ზომის გრანტი იმისთვის, რომ დავფაროთ ხარჯები, რაც დაკავშირებულია ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად პანდემიისა, მეორე კვარტლის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელი იყო, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით მცირე, თუმცა გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

შეგახსენებთ, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system