თავში

ხელისუფლება უსინდისოდ იტყუება - რომან გოცირიძე

ხელისუფლება უსინდისოდ იტყუება - რომან გოცირიძე
ხელისუფლება უსინდისოდ იტყუება - რომან გოცირიძე

"ახლახან ელექტროენერგიის ტარიფმა მნიშვნელოვნად მოიმატა. მთავრობა ამ ნამატის სუბსიდირებას მოახდენს გარკვეული დროით, ანუ მისი ღირებულის ერთ ნაწილს დაფარავენ მომხმარებლები, მეორე, გაზრდილ ნაწილს მთავრობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაზრდილი ფასის დენს ყიდულობს მომხმარებელი და ყიდულობს მთავრობა. სუბსიდირებით დენის ფასი იცვლება? არა, რა თქმა უნდა. იცვლება მყიდველი," - ასე აფასებს ელექტროენერგიის ფასის ნამატის სუბსიდირებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

თავისი ნათქვამის მტკიცებას ოპოზიციონერი დეპუტატი კონკრეტული მაგალითით ცდილობს და დასძენს, რომ მთავრობა მხოლოდ კომუნალური ხარჯების სუბსიდირების ნაწილით მანიპულირებს და არა სხვა საქონლის, მაგალითად, ყურძნის სუბსიდირებისას. 

"ვთქვათ, ყურძნის ფასი თუ ღირს ერთი ლარი, მთავრობამ წაგიმატა 80 თეთრი, ყურძნის საბაზრო ფასი საქსტატის ჭკუით ყოფილა 20 თეთრი," - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში და იქვე განმარტავს, რომ მთელი ევროპის სოფლის მეურნეობა სუბსიდირებულია და იმის დასადგენად, თუ რა ღირს ესა თუ ის პროდუქტი ამა თუ იმ ქვეყანაში, ურთულესი გამოთვლებია საჭირო.

"რა გააკეთა სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა გასული, 2020 წლის ინფლაციის გაანგარიშებისას? დენის, გაზის და ” სახლთან დაკავშირებული” სხვა სახის საქონლის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები გამოაკლო მათზე გაწეულ მთლიან ხარჯებს, გამოიყვანა მათემატიკურად რაღაც ვირტუალური ტარიფები და განაცხადა, რომ გასულ წელს თურმე ამ მომსახურების ფასი 36 პროცენტით შემცირდა. ანუ დენის ან გაზის ფასი ის კი არის, რაც ქვითარში მოგდითო, არამედ ის არის, რაც ჩვენ დავთვალეთო. ამით წლიური ინფლაციის საოცარი რიცხვი დასვეს: თურმე გასულ წელს ფასები მხოლოდ 2,4 პროცენტით გაიზარდა. უცნაური ისაა, რომ მხოლოდ კომუნალური ხარჯების სუბსიდირების ნაწილით ეწევიან მანიპულაციებს და არა სხვა საქონლის, მაგალითად, ყურძნის სუბსიდირებისას. ვთქვათ, ყურძნის ფასი თუ ღირს ერთი ლარი, მთავრობამ წაგიმატა 80 თეთრი, ყურძნის საბაზრო ფასი საქსტატის ჭკუით ყოფილა 20 თეთრი. სისულელეა. ასე მთელი ევროპის სოფლის მეურნეობა სუბსიდირებულია და რომელ ქვეყანაში საქონელი რა ღირს რომ გაიგო, ამისთვის ურთულესი გამოთვლები უნდა აწარმოო. ევროპის სუპერმარკეტებში რძეს რომ გასაყიდი ფასი 3 ევრო აწერია, სინამდვილეში ეს ასე არ არის თურმე. ამას მასში ჩადებული სუბსიდირების ხარჯები უნდა გამოვაკლოთ და თუ უფრო შორს წავალთ, საგადასახადო შეღავათებიდანაც უნდა ”გავწმინდოთ”. რატომ ვწერ ასე დაღეჭვით? იმიტომ, რომ ხელუსუფლება უსინდისოდ ატყუებს თავის მოქალაქეებს და ამის გამკითხველი არავინაა. ვნახოთ ამოღერღავს თუ არა რაიმეს ეროვნული ბანკი. სავალუტო ფონდიც ნუ არის სირაქლემის პოზაში. ეს უკვე უშუალოდ მათი კომპეტენციის სფეროა," - ამბობს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ასეთია საქართველოს მოსახლეობის 95%-ი. 

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში.

ექსპერტების დათვლით 2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 165 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს.

სპეციალისტების შეფასებით, გაძვირების მიუხედავად, ელექტროენერგია საქართველოში ბევრად იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეკონომისტ იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს განსხვავება დენის ტარიფით დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ასე მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს უსწრებს 2.9-ჯერ, დენის ტარიფით კი - 4.3-ჯერ, დანია (ევროკავშირში დენის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანა), შესაბამისად - 3.8-ჯერ და 5.8-ჯერ; ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი, შესაბამისად, 1.9-ჯერ და 2.1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30 პროცენტით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22 პროცენტით უფრო მაღალია. არჩავძე ამბობს, რომ დენის მომატებული ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და, ამჟამინდელი 23 პროცენტის ნაცვლად, დაახლოებით 25-26 პროცენტი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system