თავში

კობა გვენეტაძე: ცენტრალური ბანკების პოლიტიკა ხშირად არაპოპულარულია

კობა გვენეტაძე: ცენტრალური ბანკების პოლიტიკა ხშირად არაპოპულარულია
კობა გვენეტაძე: ცენტრალური ბანკების პოლიტიკა ხშირად არაპოპულარულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის რეფორმები ყოველთვის არ სარგებლობს პოპულარობით. 

კობა გვენეტაძის თქმით, ცენტრალური ბანკები და მათი პოლიტიკა შესაძლოა იყოს საკმაოდ არაპოპულარული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის არსებობისა - განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც გარკვეულ პერიოდში შესაძლოა არაპოპულარული იყოს. 

"დამოუკიდებლობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, იყო ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, როდესაც მიიღება არაპოპულარული გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად, მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება, მაკროპრუდენციული წესების შემუშავება ფინანსური სტაბილურობისთვის ან მომხმარებელთა დაკრედიტების და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების შესახებ რეგულაციები, კომუნიკაციის გაძლიერება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თუ შენი საქმიანობის თაობაზე არ წარადგენ ახსნა-განმარტებას, თუ რას აკეთებ და რატომ, კიდევ უფრო არაპოპულარული გახდები. თუმცა სათანადო ახსნისა და განხილვის პლატფორმების შეთავაზებით შესაძლოა პოპულარობა გაიზარდოს, ვინაიდან შეგიძლია ახსნა ის, თუ რატომ გადადგი განსხვავებული ნაბიჯები. კომუნიკაციას ვიყენებთ, რათა ავხსნათ რეფორმების სარგებელი. მაგალითისთვის ავიღოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ლარში დაკრედიტებისას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დედოლარიზაციისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები დაკავშირებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან. თუ განაკვეთი იზრდება, მომხმარებლებს დროებით უწევთ მეტის გადახდა და ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, თუ რატომ გახდა საჭირო განაკვეთის გაზრდა და რომ განაკვეთი მუდმივად მაღალ დონეზე არ იქნება. შესაძლოა, ამას დიდი დრო დასჭირდეს, თუმცა სათანადო კომუნიკაცია დადებით შედეგს მაინც გამოიღებს. ცენტრალურმა ბანკებმა გაბედულად უნდა იმოქმედონ, შეიმუშავონ გრძელვადიანი ხედვა, იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, რათა გრძელვადიან პერიოდში მათმა ქმედებებმა მაღალ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეუწყოს ხელი," - განუცხადა გვენეტაძემ Central Banking-ს.

საქართველოს პირველმა ბანკირმა ასევე ისაუბრა, რა კეთდება საქართველოში ფინანსური განათლების გაუმჯობესებისთვის. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 4-წლიანი შედეგებიც შეაჯამა. მისივე განმარტებით ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი საქართველოსთვის ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებამ და გაზრდილმა კომუნიკაციამ საზოგადოებაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა გაზარდა. კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა. ქვეყნის მთავარი ბანკირის ცნობით, პანდემიისას მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობისთვის შემუშავდა მხარდამჭერი ინსტრუმენტები.

ცნობისთვის, Central Banking-ი საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული. გამოცემა მომხმარებლებს დეტალურად აწვდის მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სიახლეებს ფინანსურ სექტორში. განთავსებული სტატიები მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინანსურ ბაზრებზე არსებულ სიახლეებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system