თავში

მეზღვაურებს ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ

მეზღვაურებს ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ
მეზღვაურებს ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ

მეზღვაურებს ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრისას განაცხადა. ჰარცელმა, რომელიც აჭარის რეგიონში ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე თამარ იოსელიანმა მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვება ქართველი მეზღვაურის ღირსეული დასაქმების გარანტიაა“.

მისი თქმით, მეზღვაურები არიან იმ იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც სერვისის ექსპორტს ეწევიან საქართველოდან და ქვეყნის ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ, რაც რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„განათლებისა და სერტიფიცირების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოს 60 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. 2015 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი ქართველ მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე,“ - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ქართველმა მეზღვაურებმა შარშან ქვეყნის ეკონომიკაში 300 მლნ დოლარი შემოიტანეს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო კომპანიები საქართველოს საზღვაო სექტორში ინვესტიციებს ზრდიან. ცოტა ხნის წინ ქართველი მეზღვაურებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადებით ბერძნული საზღვაო კომპანიები დაინტერესდნენ. გასულ წელს ქართველი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სწორედ ბერძნულ-ქართული კომპანია - „ელ-ვიქტორი“ იყო. სახელმწიფო საზღვაო დარგის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარს უჭერს საზღვაო ბიზნესების განვითარებას ქვეყანაში და ქართველი მეზღვაურების ღირსეულ დასაქმებას. 

საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე შემცირდა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

საზღვაო პოტენციალის უკეთესი რეალიზებისთვის სპეციალისტები რეკომენდირებენ ახალი საგადასახადო შეღავათების დამტკიცებასა და მეზღვაურთა შრომითი უფლებების შესახებ კოდექსის მიღებას. საგადასახადო მიმართულებით სავაჭრო პალატის მიერ წარდგენილ კვლევაში საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, რაც ამ სფეროში საერთაშორისო ინვესტორთა მოზიდვისთვის უნდა განხორციელდეს. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საზღვაო სფეროსთვის კონკურენტუნარიანი შეღავათების მინიჭების გარეშე შეუძლებელია, რომ საქართველომ ახალი ოპერატორები მოიზიდოს. საუბარია ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების შემცირებასა და განულებაზე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შარშან საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებლის უპრეცედენტო რიცხვი დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, 1-ლი მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით დასაქმდა 11 800 მეზღვაური, ჯამში გაფორმდა 14 500 კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეზღვაურებმა ორჯერაც კი მოასწრეს გემზე წასვლა.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის, თქმით, მეზღვაურთა დასაქმების ზრდას ხელი შეუწყო იმან, რომ სახელმწოფოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა მათი დასაქმების არეალი. წელს გაფართოვდა მემორანდუმები ინგლისთან, ავსტრალიასთან, ესტონეთთან. 

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველოს თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. მისივე შეფასებით, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის საერთაშორისო საზღვაო ბიზნესისთვის საგადასახადაო შეღავათები, რაც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა.

საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system