თავში

მიწის დეგრადაციის ხარჯი საქართველოში 128 მლნ. აშშ დოლარით შეფასდა

მიწის დეგრადაციის ხარჯი საქართველოში 128 მლნ. აშშ დოლარით შეფასდა
მიწის დეგრადაციის ხარჯი საქართველოში 128 მლნ. აშშ დოლარით შეფასდა

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები 128 მლნ. აშშ დოლარით შეფასდა, ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ეს ხარჯები მძიმე ტვირთად აწვება მიწის დამუშავებით მოსაზრდოვე სოფლის ღარიბ მოსახლეობას. ანგარიშში განმარტებულია, რომ ლანდშაფტების აღდგენა ამ ადამიანთა შემოსავლის დეფიციტს, სავარაუდოდ, 6 პროცენტით შეამცირებს.

ანგარიში მიუთითებს, რომ მწვანე განვითარების მოდელი მოითხოვს დარგობრივი პოლიტიკის სფეროშიმთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გააძლიერებს ტყისა და ლანდშაფტების მართვას, განავითარებს კლიმატისადმი მედეგ სანაპირო ზოლს, ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას და მრავალდარგობრივი მიდგომის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიმართ.

მსოფლიო ბანკი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის მწვანე განვითარების გზის განმსაზღვრელ პლატფორმას, რომელიც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამ გზაზე პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორისაა რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკის დანერგვა, დაბალნახშირბადიანი განვითარებადა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია. ასევე, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და გარემოს დაზოგვაზე ორიენტირებული დარგების და იქ შექმნილი სამუშაო ადგილების პოპულარიზაცია. 

2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა მდგრადი განვითარების გაძლიერებისა დაგლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისათვის. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში,საქართველომ 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების 35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გლაზგოში დაგეგმილ მხარეთა კონფერენციაზე საქართველო და პარიზის ხელშეკრულების ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ანგარიშგებას ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

საქართველოს ახალი ვალდებულება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებში მოიცავს:

1. 2030 წლისთვის, ემისიების შემცირება 35%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2. ემისიების შეზღუდვის რეალისტური მიზნების დასახვა შვიდი სექტორისთვის: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და ტყის მართვა.

3. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

4. ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, განსაკუთრებით კი ენდემური, ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების;

5. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება;

6. ქალთა როლის გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და წყლის რესურსების მდგრად გამოყენებაში.

შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია. მათი ინგორმაციით, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია. UNDP-ის ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.

ცნობისთვის, „სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. „სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია. „სოფლის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.

განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია.

აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გეგმავს 2030 წელს მავნე გამონაბოლქვი 50-52%-ით შეამციროს, 2005 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის ნულოვანი გამონაბოლქვით არსებობაა დაგეგმილი. როგორც სამიტზე ბაიდენმა განმარტა, 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე. აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას უკვე ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ბაიდენი ამტკიცებს, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას გაზრდის, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მრავალრიცხოვან სამუშაო ძალას მოითხოვს. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ამისთვის ამერიკის პრეზიდეტს, თითქმის ყველა დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურის დახურვა მოუწევს.

შეგახსენებთ, Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა, კამპანიისთვის „ნახშირბადის მიღმა“ $500 მილიონი დოლარი გადარიცხა. თანხა აშშ-ში 2030 წლისთვის დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვას უნდა მოხმარდეს.

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ეს ამბიციური გეგმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ.

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system