თავში

პანდემია ეკონომიკური რეცესიის რისკს ზრდის

პანდემია ეკონომიკური რეცესიის რისკს ზრდის
პანდემია ეკონომიკური რეცესიის რისკს ზრდის

"სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების დამსახურებით, საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში არაერთი რთული სიტუაცია დაძლია. თუმცა, გამოწვევები და, ამასთანავე, გაურკვევლობაც მაღალია, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად," - - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

საქართველოს პირველი ბანკირის განცხადებით, არსებული შოკისა და კერძო სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ეროვნული ბანკი ბაზარს უცხოური ვალუტის ლიკვიდობასაც აწვდის. მისივე განმარტებით,  შოკებთან გასამკლავებლად კვლავ აქტუალურია გაცვლითი კურსის მოქნილობა. ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში კი ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად მიმართავს.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, ლიკვიდობის რისკების გამოვლენასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ბაზრისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობის მიწოდება უზრუნველყო. არსებული შოკისა და კერძო სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ეროვნული ბანკი ბაზარს უცხოური ვალუტის ლიკვიდობასაც აწვდის. შოკებთან გასამკლავებლად კვლავ აქტუალურია გაცვლითი კურსის მოქნილობა. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში - ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად - ამ პერიოდში სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ვიყენებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საერთაშორის სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ბაზრისათვის ლარისა და დოლარის ლიკვიდობის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ხელმისაწვდომი გახადა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა. 

სპეციალისტები ეროვნული ბანკის ქმედებას ლარის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად აკრიტიკებენ. ფინანსისტების ნაწილი ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ცენტრალური ბანკი არასწორად იქცევა, როცა ბაზრიდან ერთი ხელით გაყიდის 100 მილიონ დოლარს ანუ 330 მილიონ ლარს და მეორე ხელით რეფინანსირების სესხების სახით კომერციულ ბანკებს აწვდის ლიკვიდობისათვის გაცილებით 3-ჯერ და 5-ჯერ მეტ რაოდენობას ლარისას, რომლის ნახევარზე მეტი, ექსპერტების თქმით, მიემართება ისევ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესაძენად, რის გამოც, ინტერვენცია უშედეგოა.

შეგახსენენთ, ეროვნულმა ბანკმა (სებ) გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა. მის მიერ სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონიდან 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

გუშინდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 760 მილიონს გაუტოლდა.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ლარი გუშინ დოლართან სამი თეთრით, ევროსთან 4 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2863 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8742 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (08:00 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2894 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system