თავში

უმუშევრად დარჩენილები 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

უმუშევრად დარჩენილები 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
უმუშევრად დარჩენილები 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სავაჭრო სექტორში დასაქმებულები, რომლებსაც გამკაცრებული შეზღუდვები შეეხებათ, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, მოლებს, ბაზრობებს, მაღაზიებს, და გვესმის, რომ აქ ბევრი ადამიანია დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულთათვის პირველი ტალღის დროს - 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ადამიანთა აღრიცხვა კომპანიებთან ერთად და ამ დახმარების გარდა ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რომელსაც აქვს საბანკო სესხი, სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება. 300-ლარიანი დახმარებით პირველი ტალღის დროს ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, ვინაიდან უფრო ვიწრო სფეროზე ვრცელდება შეზღუდვა, ვფიქრობთ, რომ დახმარებას 100-120 ათასი ადამიანი მიიღებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება მოქალაქეთა დახმარების პაკეტის სხვა კომპონენტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system