თავში

ანა დოლიძემ პროკურატურას მიმართა

ანა დოლიძემ პროკურატურას მიმართა
ანა დოლიძემ პროკურატურას მიმართა

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთვის გენერალურ პროკურატურას მიმართა.

მისივე თქმით, უნდა დაიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახაბერ საბანაძე, ასევე, ყველა პრემიერმინისტრი.

"ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი. საქმესთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი - როგორ მუშაობს ეს სისტემა. არის ბევრი შეუსაბამობა. რაც მთავარია, პროკურატურას არ ეგონოს, რომ ეს იქნება ფორმალური გამოძიება, რომელიც ჩააწყნარებს სკანდალს. უნდა დაიკითხოს კახა საბანაძე. ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მოწმე. უნდა დაიკითხოს ჩვენი პრემიერმინისტრები. ნუ ეგონება რომელიმეს, რომ ამ პასუხისმგებლობას დაუძვრება. როგორც ჩანს, ეს არის ფართომასშტაბიანი სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა სერიოზულ საფრთხის შემცველ ოპონენტზე", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, 21 მარტს, ტელეკომპანია "მთავარზე" გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტში რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთოხების თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების, მათ შორის ანა დოლიძის, საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე.

22 მარტს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

ანა დოლიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება. ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.

"მთავარზე" გასულ სიუჟეტს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" გამოეხმაურა და  "მოძრაობა ხალხისთვის" დამფუძნებელს, ანა დოლიძეს, ასევე უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ანა დოლიძეს ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა მოძრაობამაც. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system