თავში

პროკურორი: შაქარაშვილის საქმეზე ახალი მტკიცებულებები გვაქვს

პროკურორი: შაქარაშვილის საქმეზე ახალი მტკიცებულებები გვაქვს
პროკურორი: შაქარაშვილის საქმეზე ახალი მტკიცებულებები გვაქვს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვა დაიწყო. 

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს დამატებით ახალი მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობით მიმართავს. მისი განმარტებით, საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული. პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ შუამდგომლობას სასამართლო დაუშვებს, რადგანაც ის დასაბუთებულია.

მისივე განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ შესავალ სიტყვას წარადგენს.

"ჩვენ სასამართლოს მივუთითებთ იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რასაც ბრალდების მხარე სასამართლოში გამოიკვლევს და რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასამართლო ექვსივე არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოტანს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა,დამატებითი ვიდეომასალა,სხვადასხვა მასალები, რაც გამოძიების პროცესში დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობდა. თუმცა, ვინაიდან არასრულწლოვნების საქმეზე ჩვენ გვაქვს მოკლე დრო და ვადაში ვართ შეზღუდულები დამატებით მოხდა მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესზე. ჩვენ ვიშუამდგიმლებთ, რომ ეს მტკიცებულებები დასაშვები იყოს. ამ ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია მცხეთიდან თბილისში ბრალდებულების გადაადგილება, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზება, შემდეგ მათი გადაადგილება უკან - თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და დანაშაულებრივი ქმედების განხორიელება",- განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

ცნობისთის, 12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system