თავში

ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას... გულჩაუყებულები ვიყავით - ელისაშვილი

ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას... გულჩაუყებულები ვიყავით - ელისაშვილი
ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას... გულჩაუყებულები ვიყავით - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს მადლობას უხდის. ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ ბასილაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების არ სჯერა. 

"დიდი მადლობა მსურს ვუთხრა ნიკოლოზ ბასილაშვილს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მან მთელს მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულები ვიყავით" - წერს ელისაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მას გამარჯვება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ და სხვ.

ბასილაშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საზოგადოებას შეახსენეს, რომ ბასილაშვილი ბრალდებულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა და მოუწოდა, დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომელიც ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა. ჭკადუამ არასამთავრობოები ჩოგბურთელის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის ამ ეტაპზე თავისუფალია.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მტკიცებით, სპორტსმენმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი გარკვეული საგნით გამოეკიდა.

დოროყაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. მისივე თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ ძალადობს ბასილაშვილი 21 მაისს მომხდარი ინციდენტის დროს ყოფილ მეუღლეზე.

ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

მოგვიანებით, ბასილაშვილმა თავად გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იმავე დღეს განცხადებები გაავრცელეს ჩოგბურთის ფედერაციამ და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. მათ ძალადობა დაგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საზოგადოებას დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა16 ივლისს ჩაინიშნა.

ბასილაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველი შეისწავლის.

ცნობისთვის, 9 ივნისს, საქალაქო სასამართლომ 9 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system