თავში

ბაზარზე ღვინის ხარიხი კონტროლდება

ბაზარზე ღვინის ხარიხი კონტროლდება
ბაზარზე ღვინის ხარიხი კონტროლდება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 10 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 56 დეგუსტაცია, შემოვიდა 2263 ნიმუში, 107 შეფასდა უარყოფითად, 2156 - დადებითად. აღსანიშნავია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018 წლის 1 იანვრიდან, ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება.

"ღვინის ექსპორტის რაოდენობის ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი. პირველ კვარტალში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს და შვიდივე საწარმოში აღებული ღვინის ნიმუშები დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამებოდა“,-  აცხადებენ სააგენტოში. 

იანვარ-მარტში საქართველომ წელს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს. გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system