თავში

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვა იზრდება

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვა იზრდება
ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვა იზრდება

ჩინეთის სარკინიგზო კომპანიის China State Railway Group Co მონაცემების თანახმად, ჩინეთსა და ევროპას შორის იანვარში შესრულდა 1165 სამატარებლო რეისი, რაც 66 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული მატარებლებით გადაიზიდა 109000 TEU, რაც 73 %-ით მეტია 2020 წლის იანვარში გადაზიდულთან შედარებით.

კომპანიის მონაცემებით, 9.97 მილიონი ერთეული ანტიეპიდემიოლოგიური საშუალება, - საერთო წონით 80000 ტ, - გადაიზიდა მატარებლებით ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, პოლონეთში და ბელგიაში.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდით. ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი); ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით.

ევროკავშირთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 5.3 %-ით, აშშ-თან - 8.8 %-ით, იაპონიასთან - 1.2 %-ით, კორეასთან - 0,7 %-ით.

2020 წელს ჩინეთსა და ევროპას შორის შესრულდა 12400 სამატარებლო რეისი, ანუ 50 %-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 2020 წელს მატარებლებით გადაიზიდა 1.14 მილიონი TEU, რაც 56 %-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.

ევროკავშირი და ჩინეთის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ბაზარი ევროპული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და პროგნოზირებადი გახდება.

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ინვესტიციის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წლიდან მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, ევროპული ბიზნესი უფრო მეტ უპირატესობას მიიღებს ჩინეთში, ვიდრე ამერიკული ბიზნესი.

ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ის არის "რკინის აბრეშუმის გზის" მონაწილე ქვეყანა. "რკინის აბრეშუმის გზა" კი აზიას, ჩინეთს, აკავშირებს ევროპასთან და თუ ამ დერეფანში ტვირთი გაიზრდება, ეს საქართველოს შემოსავლებს გაუზრდის.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთში ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

"ტრანსპორტირების დრო შემცირდა 13 დღემდე რკინიგზის გამო, ხოლო ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით ხდებოდა 35-40 დღეში," - განაცხადა რუხსარ პეკჟანმა.

მინისტრის თქმითვე, თურქეთი აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში. ქვეყანა 5,582 რეგიონალურ პროექტშია ჩართული, რომელთა ღირებულება $ 201,9 მილიარდია.

2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

შეგახსენებთ, სპეციალისტები საქართველოსთვის რეეგიონისა და კონტინენტთაშორის მთავარი სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევენ. უფრო მეტიც, აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობასაც კი ხედავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system