თავში

"ფრონტერამ" სალიცენციო ფართობის 99% დააბრუნა

"ფრონტერამ" სალიცენციო ფართობის 99% დააბრუნა
ფრონტერამ სალიცენციო ფართობის 99% დააბრუნა

"ვართ მზად ძალიან პოზიტიური საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება იმას, რომ კომპანია „ფრონტერას“ მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც დღეს მას გააჩნია," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ქართული მხარე მზად არის ისაუბროს ვადებსა და პირობებზე, თუმცა ამისთვის საჭიროა „ფრონტერამ“ „შეწყვიტოს არაფრისმომცემი საჯარო კამპანია“ და მოლაპარაკებაზე წამოვიდეს.

„ჯერჯერობით ისინი რატომღაც თავს არიდებენ ჩვენთან სასაუბროდ მაგიდასთან დასხდომას. მე მინდა კვლავ მოვუწოდო კომპანია „ფრონტერას“ მოუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ აწუხებს. რა თქმა უნდა, ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ პოზიტიური დიალოგისთვის“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ Frontera-მ თავისი სალიცენზიო არეალის 99% უკვე სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო მზად არის Frontera ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში ერთ-ერთ ინვესტორად შეინარჩუნოს, რისთვისაც კომპანიას მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. ნათია თურნავა აცხადებს, რომ Frontera-სთან მოლაპარაკებების მზადყოფნა მას აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განუმტკიცდა.

"თითოეული ამერიკული ინვესტიცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამერიკულ ინვესტიციებს შორის არის კომპანია Frontera-ც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ აქამდეც ცივილიზებულად ვიქცეოდით და როდესაც გაჩნდა კითხვები რამდენად სრულდებოდა ამ კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი მივანდეთ საერთაშორისო არბიტრაჟს. საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ჩვენ პოზიტიური პასუხი მივიღეთ ქართული მხარის მიერ დასმულ პრაქტიკულად ყველა საკითხზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ 99% თავის სალიცენზიო არეალი ფრონტერამ დააბრუნა უკვე სახელმწიფო საკუთრებაში. ჩვენ მზად ვართ და მოქნილები ვართ ვისაუბროთ ვადებზე, ვისაუბროთ პირობებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ იქ 90-მდე ადამიანი არის დასაქმებული. აშშ-ის ელჩთან შეხვედრამ განგვიმტკიცა ის პოზიტიური მზადყოფნა დიალოგისთვის, რაც Frontera-სთან მიმართებით ჩვენ ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ხელში გვიჭირავს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება და აქ კითხვის ნიშნები არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ კომპანია Frontera, როგორც ამერიკული ინვესტიცია, ელჩთან საუბარმა ჩვენ ეს გაგვიმტკიცა. მოვუწოდებ Frontera-ს მობრძანდით, მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, გუშინ "ფრონტერამ" მთავრობა სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმაზე, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს, რადგან ხელშეკრულების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

მანამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა, გამოინახოს იმგვარი კომპრომისი,რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით.

2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. მათივე ცნობით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.

შეგახსენებთ, კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია და კომპანიას მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

"ფრიონტერას" ბრალდების საპასუხოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ნავთობკომპანია საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს განზრახ ამახინჯებს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

"ფრონტერას" საქმეზე განმარტება გააკეთა პრემიერმა გახარიამაც, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system