თავში

იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესს საქართველოში გადმოიტანენ

იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესს
იაპონური, გერმანული და კორეული კომპანიები ბიზნესს საქართველოში გადმოიტანენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იაპონური, სამხრეთ კორეული და გერმანული კომპანიები თავიანთი ბიზნესის ნაწილის საქართველოში გადმოტანის სურვილს გამოთქვამენ.

ამის შესახებ ნათია თურნავამ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გლობალური კომპანიები საქართველოში ბიზნესის გადმოტანით ბევრ უპირატესობას შეიძენენ, რითაც მთავრობა შეეცდება მათ კიდევ უფრო დაინტერესებას ბიზნესის აქ გადმოსატანად. 

როგორც მინისტრმა თქვა, ამის დეტალური გეგმა მთავრობას მზად აქვს.

„კომპანიები ფიქრობენ, მომავალში საფრთხე რომ არ გაუჩნდეთ, მოახდინონ დივერსიფიკაცია და არა მარტო ჩინეთით, არამედ „ჩინეთი +1, +2, +3 კომბინაციით“. ანუ ალტერნატიული პლატფორმები გამოიყენონ და ჩვენ ვიქნებით „ჩინეთი +1“. პლიუს ერთი უნდა ვიყოთ ყველაფერში, მათ შორის სწრაფად დავძლიოთ გამოწვევები და გავხსნათ ბაზარი ახალი ინვესტიციებისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არ მინდა, ნაადრევად ვისაუბრო, რადგან ეს მოლაპარაკებებია ჯერ კიდევ, მაგრამ მერწმუნეთ, კომპანიები – იაპონური, სამხრეთ კორეული, გერმანული, უკვე გამოთქვამენ სურვილს, რომ თავისი მიწოდების ჯაჭვის რაღაც ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში, რადგანაც ჩვენ ვთავაზობთ მიმზიდველ, დემოკრატიულ ბიზნესგარემოს, სტაბილურ ეკონომიკას, გამჭვირვალე კანონმდებლობას, დაბალ გადასახადებსა და განახლებულ პროგრამებს, რომელიც პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში იქნება წარდგენილი. ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რით წავახალისოთ ეს პროცესი. ყველაფერთან ერთად დამატებით ბერკეტებსაც შევთავაზებთ ასეთ ბიზნესებს, რომ ვაჩვენოთ თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ნება, რამდენად გახსნილი ვართ, რომ ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ მათთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა უკვე მიიღო საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ამ პერიოდში გლობალური ეკონომიკა პრაქტიკულად შევიდა რეცესიაში და ბიზნესაქტივობა არის ძალიან შეზღუდული, ასეთ ვითარებაშიც კი არ შეეშალა ხელი რამდენიმე მსხვილ პროექტს და ინვესტორს, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება და შემოსულიყო საქართველოში. ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია „ტეპკო“ შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის ყველაზე დიდი პირდაპირი იაპონური ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა გადასახადების სიმარტივისა და დაბალი მარჟით, რაც ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიციები და სწრაფად ამოქოქოს კორონავირუსით დაპაუზებული ეკონომიკა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი 2020 წლის დასრულებას ეკონომიკის 4%-იანი კლებით ვარაუდობს, თუმცა მისი თქმით, წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს და 2021 წელს ეკონომიკა 4%-იან ზრდაზე გავა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს.

თურნავას თქმით, პოსტკრიზისული გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე წარადგენს და რომელიც მალე ამოქმედდება, არის მომავალში ეკონომიკის ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების გეგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system