თავში

რა გაკეთდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის

რა გაკეთდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის
რა გაკეთდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის

საერთაშორისო სავალურო ფონდის (სსფ) მისია დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. ამის შესახებ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, - წერს ფონდის მისია.

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა, თუმცა მომავალ წელს მინიმუმ 20 ათასამდე ადამიანი შემოსავალს აღიდგენს.

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში 200 ლარის კომპენსაციასაც ითვალისწინებდა. 

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მეორე პაკეტით, დახმარებები გაიცა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებზე

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვე 200 ლარით დაეხმარა.

300-ლარიან დახმარება შესთავაზა ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებს.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ ბიზნესს დღგ უკან დაუბრუნა.

კომპანიები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის სრული სუბსიდია მიიღეს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

ცნობისთვის, 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 12.3%-ით შემცირების ფონზე, დასაქმებულთა რიცხვმა წლიურად 1.9%-ით იკლო. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/პროდუქტიულობა), წლიურად 10.5%-ით შემცირდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ნომინალურმა კლებამ წლიურად 2.5% შეადგინა და 2020 მეორე კვარტალში ამ მაჩვენებლის საშუალოთვიური მნიშვნელობა 1,150 ლარს გაუტოლდა. პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი წლიურად 9.0%-ით გაიზარდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. სებ-ის განმარტებით, ამ მაჩვენებლის ზრდის მიზეზი პანდემიის შედეგად გამოშვების კლებაა, რომლის ფონზე საწყის ეტაპზე მომუშავე პერსონალს შრომის ანაზღაურების განაკვეთები ძირითადად მაინც შეუნარჩუნდათ.

ცენტრალური ბანკის ცნობით, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდა ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, პანდემიის ფონზე, მიწოდების მხარეს არსებული შეზღუდვებისა და გამოშვების კლების გათვალისწინებით, აღნიშნული ზრდა მოსალოდნელიც იყო. შემდგომ პერიოდებში, ეკონომიკური ვარდნის შენელება პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდის ტემპზეც შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system