თავში

რა შემთხვევაში მიიღებენ ღვინის კომპანიები სუბსიდიას

რა შემთხვევაში მიიღებენ ღვინის კომპანიები სუბსიდიას
რა შემთხვევაში მიიღებენ ღვინის კომპანიები სუბსიდიას

მსხვილი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრიან სუბსიდიას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ 1 000 ტონაზე მეტ რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებენ და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება იქნება 80 თეთრი.

სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ყურძნის მინიმალურ ფასს აწესებს ყურძნის ხარისხისა და ადგილწარმოშობის ზონების გათვალისწინებით.

„ის მსხვილი კომპანიები რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას. ეს არის ის მასა, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ჭარბი და კერძო სექტორი სტიმულირების გარეშე ვერ დააბინავებდა, მიიღებენ - 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი (1 კგ-ზე). ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სოციალური გარანტიები მევენახე ფერმერებისთვის გავაჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანია "აკურა" სახელმწიფოს მიერ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე გამოყოფილ სუბსიდიას მიიღებს.

„ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო კომპანია იმოქმედებს იგივე საბაზრო პრონციპებით, რომლითაც სხვა ბიზნეს ოპერატორები მოქმედებენ, ანუ ისიც მიიღებს სუბსიდიის თანხას თუ გადაიხდის 80 თეთრს და მეტს. შესაბამისად, წლევანდელ რთველზე მინიმალური სტანდარტი იქნება მინიმუმ 80 თეთრი ერთ კილოგრამ ყურძენზე“, - განმარტავს მინისტრი.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის რთველის მიმდინარეობისას ბაზარზე სუბსიდირება მის მართვაში არსებული კომპანიის “აკურას” მეშვეობით განახორციელა და მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა წელს მთავრობამ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განაახლოს რთველის სუბსიდირება.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

დღესვე წლევანდელი რთველისთვის ყურძენზე მინიმალური ფასიც განისაზღვრა. წელს კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძენი მინიმუმ 80 თეთრი ეღირება.

ცნობისთვის, წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system