თავში

როგორი უნდა იყოს ლოგისტიკური ჯაჭვი - ყაზახეთის და საქართველოს მაგალითები

როგორი უნდა იყოს ლოგისტიკური ჯაჭვი - ყაზახეთის და სა
როგორი უნდა იყოს ლოგისტიკური ჯაჭვი - ყაზახეთის და საქართველოს მაგალითები

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი, "პროფესიუონალ რკინიგზელთა კლუბის" პრეზიდენტი, დავით გოჩავა, report.ge-სთან განმარტავს, თუ როგორი უნდა იყოს გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი. გოჩავა ამის ახსნას საქართველოსა და ყაზახთის მაგალითზე ცდილობს. ექსპერტის თქმით, ყაზახეთში საპორტო საქმიანობა განიხილება როგორც სარკინიგზო გადაზიდვების მომსახურე სერვისი. ეს ჩანს პორტების საექსპლუატაციო პროცედურებიდან, სადაც სარკინიგზო ქსელები უშუალოდ მიერთებულია პორტთან და სანაოსნო კომპანიები უნდა დაელოდონ სარკინიგზო შემადგენლობების შემოსვლას, რათა შესრულდეს დატვირთვის განრიგი. 

"სარკინიგზო კომპანია КТЖ («Казахстан темир жолы» - „ყაზახეთის რკინიგზები“) ფლობს კურიკის პორტის აქციების 100 %-ს, და სხვადასხვა წილს აქტაუს პორტში და “აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალში“ ("Aktau Sea North Terminal"). უფრო მეტიც, სარკინიგზო კომპანია „ყაზახეთის რკინიგზები“ წარმოადგენს უდიდეს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ოპერატორს ყაზახეთში და ფლობს პირდაპირ ან ირიბად წილს ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებში, ტერმინალების მესაკუთრე კომპანიებში და ყველა ძირითად ინფრასტრუქტურაში ტრანსპორტის ყველა სახეობაზე," - გვიხსნის დავით გოჩავა და ყაზახეთის ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობნას იწონებს, საქართველოსგან განსხვავებით. 

მისი განმარტებით, საქართველოში საზღვაო პორტებთან დაკავშირებით ასეთი ვითარებაა: 

1. ფოთის პორტში მოქმედებს უპირობო მფლობელობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანია APM Terminals წარმოადგენს პორტის მესაკუთრე-ბენეფიციარს და მთავარ ოპერატორს (ქართულ კომპანია Pace Group-თან ერთად); 

2. ბათუმის პორტში მიწა სახელწმიფოს საკუთრებაშია, მაგრამ მართვის უფლება ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიას KazTransOil, რომელიც, თავის მხრივ, იჯარით გასცემს სატერმინალო ოპერაციების განხორციელების უფლებას მესამე მხარეებზე; 

3. ყულევის სანავთობო ტერმინალი აზერბაიჯანული სანავთობო კომპანიის SOCAR საკუთრებაშია და ის უწევს ექსპლუატაციას;

4. სუფსის ტერმინალის ოპერატორს წარმოადგენს კომპანია ВР, თუმცა საბოლოო ბენეფიციარს წარმოადგენს სახელმწიფო.

"როგორც ხედავთ ჩვენთან სრული ქაოსია. თუ ეს საკითხები არ მოგვარდა, განვითარება გამორიცხულია. თავის დროზე, რკინიგზის სათაო ოფისში მუშაობისას, გურამიშვილთან ხშირად მქონდა პროფესიული კამათი სხვადასხვა საკითხებზე. მაშინ ის ამბობდა, რომ ეს მთავრობის საქმეა, ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ეს სცილდება ჩვენს კომპეტენციას და ა.შ. ახლა მთავრობა თვითონ არის, ის აგებს პასუხს სატრანსპორტო სისტემაზე ქვეყანაში - დროა რამე ღირებული ინიციატივით გამოვიდეს," - ამბობს დავით გოჩავა report.ge-სთან. 

საქართველოს დერეფანში ტვირთის კლებაზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი და მიზეზად არასწორ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სატრატეგიას ასახელებს. ტვირთის კლებას უკავშირებენ ანაკლიის პორტის არქონასაც, თუმცა გადამზიდავი კომპანიები საპორტო სერვისებში არსებულ მანკიერებებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ტვირთმფლობელები საქართველოს პორტებში ბევრ ბარიერებს აწყდებიან. მათი მტკიცებით, პორტების ტერმინალებიდან საკმაოდ ჭირს ტარიფების მიღება.

რა როლი აქვს ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობაში, CAREC-ში,  საქართველოს პორტებს, რა ხდება ქვეყნის პორტებში, ვინ რა ფორმით მართავს ქართულს პორტებს, რა პრობლემებს ქმნის საპორტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების არარსებობა, ნახეთ აქ.

ქართულ და ევროპულ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება.ამის შესახებ ცნობილი გახდა 2921 წლის მარტში საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის მიმოსვლა გააქტიურდება.  შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება და ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, - ეს გზავნილები ჩაიტანეს ქართველმა დელეგატებმა ბრიუსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system