თავში

საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი იაფდება

საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი იაფდება
საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი იაფდება

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ამსახველი მაისის მონაცემებით, 783 მილიონ ტონამდეა მომატებული ხორბლის მარაგების სავარაუდო ოდენობა. თვიურ ჭრილში ზრდა 6 მილიონი ტონაა. მომატებულია გარდამავალი მარაგების საპროგნოზო მაჩვენებელიც, მათ შორის, რუსეთშიც. წინა თვეში დაახლოებით 120 მილიონი ტონა იყო და 123 მილიონ ტონაზე ავიდა მარცვლეულის მარაგი, ხოლო ხორბალი80 მილიონი იყო და ამერიკის შეერთებული შტატების მონიტორინგის სამსახურმა 81-82 დააფიქსირა. მარაგების ზრდა ოპტიმისტური პროგნოზის წინაპირობა გახდა და ბირჟებზე ფასების კლება დაიწყო. 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი იაფდება. სილაგავა report.ge-ს უხსნის, როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე. მისი განმარტებით,  თუ მსოფლიო ტენდენციებს ჩვენს ჭრილში გადმოვიტანთ, მივიღებთ თემას, რომ რეგიონულად, გარკვეულწილად, პოზიტიურ სიგნალებს უნდა ველოდოთ. ტრადიციულად, ხორბლის აღების წინა პერიოდში ფასები იკლებს.

„ახლო მომავალში მოსავალია. მოსავალი საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში, რეგიონულად 1-ელ ივლისიდან იწყება. ვფიქრობთ, რომ პოზიტიური სიგნალები არის. თუმცა, პოზიტიურ სიგნალში რა შეიძლება, განვიხილოთ: თვეების განმავლობაში ფასზე იმდენად დიდი მატება იყო, რომ უნდა შევხედოთ იმას, კლება რომელიც დღეს შეიმჩნევა, გადაფარავს, თუ არა იმ მატებას, რომელიც ძალიან სერიოზული იყო. სავარაუდოდ, ეს გადაფარვა ბოლომდე ეფექტიანი ვერ იქნება.
რუსეთს შემოღებული აქვს კვოტირების მექნიზმი, რომლის ფარგლებშიც ერთ ტონაზე საექსპორტო გადასახადი 50 ევროა. შემდეგი თვიდან ეს 50 ევრო უფრო ლიბერალური გადასახადით იცვლება: ეს არის მსოფლიო ფასებს მინუს 200 საბაზისო დოლარი და რაც დარჩება, იმ სხვაობის 70 %. ველოდებით, რომ ეს ლიბერალური გადასახადი უფრო დააკლებს 50 ევროს და ეს თემაც, გარკვეულწილად, უფრო პოზიტიური იქნება.

მინიმუმ, გარკვეულ სტაბილურობას ველდებით. ტრადიციულად, ხორბლის აღების წინა პერიოდში ფასები იკლებს, რადგან მიღებული ხორბლის რაოდენობა საცავების რაოდენობას საკმაოდ აღემატება ხოლმე, მათ შორის, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში.
რომ შევაჯამოთ: გარკვეული სტაბილურობა და ფასების უკან წამოსვლა იქნება, ეს პოზიტურია. ნეგატიური თემა ჩვენს შემთხვევაში ისაა, რომ, ლარის კურსის დოლართან მიმართების საკითხის გამო, სამწუხაროდ, თემას გრძელვადიანად ვერ ვსაზღვრათ“,
– განიცხადა report.ge-ს ლევან სილაგავამ და დაამატა, რომ რუსეთშიც შესამჩნევია ხორბლის ფასის კლების ტენდენცია. საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია

„თუ შევხედავთ, რომ ჩვენს ძირითად პარტნიორად ჩამოყალიბებული რუსეთი 1-ელი ივნისიდან საექსპორტო საბაჟო გადასახადის პოლიტიკას ცვლის, აქაც საექსპორტო ფასი, გარკვეულწილად, ალბათ, შემცირდება, რადგან ტენდენცია აქეთკენ მიდის,"  - გვეუბნება სილაგავა. 

ცნობისთვის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ამსახველ მონაცემებს ყოველი თვის 11 რიცხვში ანახლებს და აცხადებს: რამდენია გარდამავლი მარაგები და რამდენია ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტი. ამის შედეგად, მსოფლიო ბირჟაზე ფასების აწევა -დაწევა ხდება. 

1 ჰა ფართობაზე მარცვლეულის მოსავლიანობით საქართველო ევროპას 3,5-ჯერ, სხვა აგრაულ კულტურებში უფრო მაღალი მაჩვენებლითაც ჩამორჩება.  საქართველომ შარშან 101.2 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვეყანამ გაზარდა მარცვლეულის წარმოებაც.  ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები; გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.2 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 1.9 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა. 2020 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 59.5 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია. დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თქმით, ამჟამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი, 1500 ტონა ხორბლის მარაგი აქვს, რაც იძლევა ბაზრის რყევების აცილების შესაძლებლობას.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით, მარცვლეულის ფასების FAO ინდექსი 1.8%-ით შემცირდა, თუმცა შაქრის ინდექსი 2020 წლის ნიშნულს 26.5%- ით აღემატება. წლის დასაწყისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, მკვეთრად 7.1%-ითა გაიზარდა, ხოლო ხორბლის ფასი 6.8%-ით. საერთაშორისო ფასების ზრდა მაშინ, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორბალზე მოჭარბებული მოთხოვნითა და მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის, რუსეთის, მიერ ხორბლის გაყიდვების შემცირებით ახსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system