თავში

საქართველომ მარცვლეულის წარმოება გაზარდა

საქართველომ მარცვლეულის წარმოება გაზარდა
საქართველომ მარცვლეულის წარმოება გაზარდა

2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის წარმოების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ცოდნა, აგრონომიული ტექნოლოგია, ფულადსახსრებზე ხელმისაწვდომობა და დაზღვევა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები მიზანმიმართულად მუშაობს, რაც უკვე სწორი მიდგომაა. ფერმერებს ასწავლიან, როგორ უნდა მოუარონ მოსავალს და რა ღონისძიებები ჩაატარონ იმისათვის, რომ ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღონ“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

დღეს საქსტატმა 2020 წლის აგროწარმოების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს, თუმცა განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ადგილობრივ ფერმერებს. ოფიციალურ სტატისტიკით კარტოფილის წარმოება თითქმის 11%-ით გაიზარდა, თუმცა ფერმერებს ამ მოსავლის ნახევარი ულპება. მეკარტოფილე ფერმერები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. კარტოფილის მწარმოებლების ქმით, მოსავლიანობა 2020 წელს საუკეთესო იყო, მაგრამ ამით ხალხმა ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო, რადგან კარტოფილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ქართულმა პროდუქტმა თურქეთიდან იაფად შემოტანილ კარტოფილს კონკურენცია ვერ გაუწია.

რეალიზაციის პრობლემა აქვთ ქართველ მეხორბლეებსაც. ისინი ადასტურებენ, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ ვერც ფერმერებმა და ვერც ქვეყანამ, ამისგან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახეს, რადგან ქართული ხორბალი მიზერულ თანხადაც არ იყიდება და ხალხს შარშანდელი მოსავალი საწყობებში ულპება. ქართული ხორბლის გაყიდვის პრობლემად ხარისხი დასახელდა. მეხორბლეთა ასოციაციის განმარტებით, შარშანდელი მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და სტანდარტის პირობებს ვერ პასუხობს, რის გამოც ასეთი პროდუქტი პურის წარმოებაში არ დაიშვება. 

ცნობისთვის, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები; გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.2 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 1.9 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობის მოცულობა გაზრდილია. ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა შარშან 211.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 59.5 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია. დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თქმით, ამჟამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი, 1500 ტონა ხორბლის მარაგი აქვს, რაც იძლევა ბაზრის რყევების აცილების შესაძლებლობას.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით, მარცვლეულის ფასების FAO ინდექსი 1.8%-ით შემცირდა, თუმცა შაქრის ინდექსი 2020 წლის ნიშნულს 26.5%- ით აღემატება. წლის დასაწყისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, მკვეთრად 7.1%-ითა გაიზარდა, ხოლო ხორბლის ფასი 6.8%-ით. საერთაშორისო ფასების ზრდა მაშინ, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხორბალზე მოჭარბებული მოთხოვნითა და მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნის, რუსეთის, მიერ ხორბლის გაყიდვების შემცირებით ახსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system