თავში

შიდასავალუტო ბაზარზე 22 ინტერვენციით 747.2 მლნ დოლარია გაყიდული

შიდასავალუტო ბაზარზე 22 ინტერვენციით 747.2 მლნ დოლარია გაყიდული
შიდასავალუტო ბაზარზე 22 ინტერვენციით 747.2 მლნ დოლარია გაყიდული

სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა  22 ინტერვენცია განახორციელა, საერთო ჯამში, 747.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშში იმ საგანგებო ღონისძიებების შესახებ, რაც მან COVID-19-თან დაკავშირებით გაატარა.

სებ-ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები, 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლებში რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია. 

"წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ფინანსური დახმარება ასევე შეავსებს საერთაშორისო რეზერვებს და გაზრდის ეროვნული ბანკის შესაძლებლობას სავალუტო ინტერვენციების გზით მიაწოდოს საჭირო უცხოური ვალუტა ბაზარს," - განმარტავს ეროვნული ბანკი.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს.  საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ. 

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2914 ლარი ღირს.  1 ევროს შეძენა კი 3.8742 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (08:00) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2937 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system