თავში

თხევადი გაზის ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებები"სოკარისთვის" მისაღებია - Exclusive

თხევადი გაზის ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებები"სოკარისთვის" მისაღებია
თხევადი გაზის ბაზარზე დაგეგმილი ცვლილებებისოკარისთვის მისაღებია - Exclusive

იმპორტირებული თხევადი გაზის აქციზის გადასახადი შესაძლოა 450 ლარი გახდეს. თვეზე მეტია,საკითხზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორ ეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად, ერთ რეჟიმს დაექვემდებარება. „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიზანი თხევადი აირის იმპორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სახელდება.

report.ge-მ თხევადი გაზის იმპორტის წესის შესაძლო ცვლილება საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიას, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს", შეაფასებინა. 

კომპანიის დირექტორმა ლევან გიორგაძემ გვითხრა, რომ კანონპროექტს, რომელმაც თხევადი გაზის ბაზარზე თამაშის ახალი წესები უნდა დაადგინოს და იმპორტის წესი შეცვალოს, კარგად იცნობს და სავსებით მისაღებია.

"ვიცნობ აღნიშნულ კანონპროექტს და სრულად მისაღებია, რადგან ბოლო წლებში როდესაც საწვავზე მოხდა აქციზის ზრდა, LPG-ზე არ მოხდა და შესაბამისად სხვა საწვავთან მიმართებაში LPG არაპროპორციულად იბეგრებოდა, რამაც გააჩინა არასამართლიანი კონკურენცია ავტომანქანების საწვავის ბაზარზე," - გვითხრა გიორგაძემ. 

report.ge-ს კითხვაზე, როგორ და რა ფასში ხდება ამჟამად თხევადი აირის იმპორტი, გიორგაძე გვპასუხობს: "იმპორტის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებზე, შესაბამისად გამიჭირდება კონკრეტულად ფასი დაგისახელოთ." 

მისივე თქმით, საქართველოში თხევად აირზე მოთხოვნა მზარდია და წელს წელს თხევადი აირის იმპორტი 52%-ით გაიზარდა.

საწვავის ამ ტიპის მიმართ გაზრდილ მოთხოვნას ადასტურებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირშიც. მათი მონაცემებით, შარშან საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციითვე, დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირი დიდი ხანია მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ ვინაიდაინ LPG არის ნავთობპროდუქტი, მასზეც დაწესდეს ხარისხობრივი სტანდარტი და ის იყოს სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ევროკავშირში თხევადი გაზისთვის მოქმედებს სტანდარტი EN-589. 

შეგახსენებთ, თხევადი გაზის აქციზი შეიძლება 300-დან 450 ლარამდე გაძვირდეს, თუმცა თხევადი გაზის 300 ლარიანი კომერციული ტარიფი არ შეიცვლება. ოპოზიცია კი საწვავზე აქციზის გადასახდის შემცირებას ითხოვს.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი 2901 კოდით, რომელიც აქციზის გადასახადს არ ექვემდებარება და ადგილობრივ ბაზარზე გამოიყენება ავტომობილების გასამართად, როგორც თხევადი გაზი. ამასთანავე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტი არ ექვემდებარება რაიმე სტანდარტებს.

შეგახსენებთ, თხევადი გაზის ბაზარზე არსებულ "შავ ხვრელზე" დიდი ხანია საუბრობს საქართველოს ბიზნესასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე შავლეგ მიშველაძეც. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2-ეტაპიანი მოდელი გამოიყენება - ერთ ტონაზე 120 ლარი გადაიხდევინება პროდუქტის განბაჟების მომენტში, ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა მოხდეს თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას. საქართველოს ბიზნესასოციაციაში(BAG) აცხადებენ, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით პრობლემებია და თანხა ბიუჯეტში არასრულად შედის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system