თავში

ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები - რატომ ითხოვდნენ ადვოკატები ჩანაცვლებას

ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები - რატომ ითხოვდნენ ადვოკატები ჩანაცვლებას
ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები - რატომ ითხოვდნენ ადვოკატები ჩანაცვლებას

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისთვის და დიმიტრი საძაგლიშვილისთვის ცნობილი გახდა საქმის ახალი გარემოებები, რის გამოც ისინი ითხოვდნენ სასამართლო დარბაზში მყოფი ადვოკატების ჩანაცვლებას. 

"ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა. მათ შორის, მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გარემოებებია, რომლებსაც შიგნით მყოფი ადვოკატები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამხელა შუამდგომლობას ვერაფრით ვერ გავაგზავნიდით ტელეფონით" - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტის მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი. როგორც გვარამიამ განმარტა, ჩანაცვლების მოთხოვნა იმით იყო განპირობებული, რომ მას და დიმიტრი საძაგლიშვილს, დამატებითი გარემოებების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, ხოლო დარბაზში მყოფი ადვოკატებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება გართულდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომას არ ესწრებიდა თავად ბრალდებული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევდა. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობდა, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დაწესებულებიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთოს. რაზეც ადვოკატებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ სააკაშვილი მზად არის პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს.

თავის მხრივ ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილება მოითხოვეს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system